კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა

კომისიამ ტელეკომპანია „ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ა(ა)იპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივი“ წერილობით გააფრთხილა.
ამის შესახებ ,,თაიმერს” კომისიიდან აცნობეს. კომისიამ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „ობიექტივს“ წერილობითი მოთხოვნით მიმართა, მის ეთერში განთავსებული წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის დაუყოვნებლივ მოხსნის თაობაზე (რეკლამაში პოლიტიკური გაერთინება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წევრები მონაწილეობდნენ). წერილს თან ერთვოდა კომისიის 2017 წლის 15 ივნისის N392/18 გადაწყვეტილება „შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ, რომლის თანახმად, კომისიამ განმარტა, რომ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ წინასაარჩევნო (პოლიტიკური) რეკლამის განთავსება არაწინასაარჩევნო პერიოდში.

კომისიის 2017 წლის 8 აგვისტოს წერილის პასუხად, ტელეკომპანია „ობიექტივმა“ მიმდინარე წლის 9 აგვისტოს კომისიას წერილობით აცნობა, რომ მათ ეთერში განთავსებული რეკლამა არ წარმოადგენს პოლიტიკურ/წინასაარჩევნო რეკლამას და ის კომერციული რეკლამის სტატუსით არის განთავსებული.

“ობიეტივის“ ეთერში გავრცელებულ ვიდეო რგოლში მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები და პარტიის ცნობილი სახეები მაყურებლებს მიმართავენ და აცნობენ მათი პოლიტიკური გაერთიანების ხედვების და დაგეგმილი საპროტესტო აქციების თაობაზე. საკითხის გახილვის პროცესში, ტელეკომპანია „ობიექტივმა“ კომისიას დამატებით წარმოუდგინა მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსთან“ მომსახურების შესყიდვაზე დადებული ხელშეკრულება.

კომისიამ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონზე დაყრდნობით განმარტა, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოს, პოლიტიკური პარტიის, თანამდებობის პირისა და საჯარო მოსამსახურის მიერ მაუწყებლის დაფინანსება, აგრეთვე მისი მომსახურების შესყიდვა და მაუწყებლის პროგრამების მომზადების ან/და ეთერში გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება. არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსების აკრძალვა ემსახურება მაუწყებლის დაცვას პოლიტიკური პარტიის გავლენისგან, მაუწყებლის მიუკერძოებლობის, ასევე, თავისუფალი და პლურალისტული დებატის უზრუნველყოფას, რაც აძლიერებს დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ როლს. ამავე დროს, საქართველოს კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიის მიერ მაუწყებლის დაფინანსება დასაშვებია მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით და ამ შემთხვევაშიც, მოქმედებს წინასაარჩევნო/პოლიტიკური რეკლამის განთავსების სპეციალური წესი.

დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კომისიამ 2016 წლის 12 ოქტომბრის წერილით N04/3699-16 (აღნიშნული წერილი ააიპ „არასამეწარმეო მედია-კავშირი ობიექტივს“ ჩაბარდა 2016 წლის 17 ოქტომბერს), მაუწყებლებს აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარეობს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის მაუწყებელბის მიერ საკუთარ ეთერში განთავსება შეზღუდულია.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია – კონსულტაციების შედეგად გადაწყდება სად გადავინაცვლებ
შემდეგი სტატიახანძარი სოფელ სვირში – სტიქიის ზონაში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი მეუფე თეოდორე ჩავიდა