დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან შეხვედრის შემდეგ მედიკამენტების შემოტანის რეალურ ვადებსა და ბარიერებზე საუბრობენ.
ერთ-ერთი მშობლის, კახა წიქარიშვილის განცხადებით, მწარმოებელ კომპანიებთან პირველადი კომუნიკაცია უკვე შედგა, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, რადგან პროცესი თავად საერთაშორისო კომპანიების რეაგირების სიჩქარეზეა დამოკიდებული.
წიქარიშვილის თქმით, დროის მოსაგებად სახელმწიფო და კომერციული არხები ერთდროულად გამოიყენება.
“ჩვენ ვისურვებდით, რომ უფრო სწრაფად წასულიყო წამლების შეძენის პროცესი, მაგრამ ეს არც ჩვენზეა დამოკიდებული და არც სამინისტროზე. არიან კომპანიები, რომლებმაც სწრაფად და დროულად უნდა მოახდინონ რეაგირება მოთხოვნებზე. სამწუხაროდ, კომპანიები არ არიან ისეთ სწრაფ რეჟიმში, როგორსაც ჩვენ ვისურვებდით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ დიდხანს არ გაიწელება. რაც მთავარია კომპანიებთან კომუნიკაცია შემდგარია, მაგრამ მოლაპარაკებების პროცესი ჯერ არ არის დაწყებული, ეს დამოკიდებულია კომპანიებზე, როდესაც ისინი გახსნიან მოლაპარაკებებს, მათზეა დამოკიდებული. სხვადასხვა არხები გამოიყენება კომპანიებთან ურთიერთობასთან, ეს არის როგორც სახელმწიფოებრივი არხები, ასევე კომერციული. როგორც მინისტრმა განაცხადა, სხვადასხვა არხები იქნება გამოყენებული, რომ დაჩქარდეს მოლაპარაკების პროცესი“,- განაცხადა კახა წიქარიშვილმა.















