კომპანიის მფლობელი, რომელმაც ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შეიტანა, თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის, ლევან არველაძის ძმაა.
გუშინ ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ოკუპირებულ აფხაზეთში კერძო კომპანიამ საწვავი შეიტანა. მისივე ცნობით, აღნიშნული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონის ჩარჩოს ფარგლებში მოხდა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კომპანია რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბენზინი შეიტანა, შპს “სოლიდუსია” მისი მფლობელი კი გიორგი არველაძეა. როგორც არველაძე ამბობს, ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ რეგიონში დაახლოებით 300 ტონა საწვავი შეიტანეს. მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე კერძო კომპანიამ 3 000 ტონა საწვავი შეიტანა.
“ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად. ნეტავ სულ ეგრე იყოს და სულ ქართული ნავთობპროდუქტები იყოს აფხაზეთში. ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში“,- ამბობს არველაძე.















