“კომპანიის მხრიდან თაღლითობაზე საუბრობენ” – დაკავებული მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ

“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებენ” – ამის შესახებ განცხადება ბათუმის დროებითი დაკავების იზოლატორთან ბრალდებულების ადვოკატმა რამინ პაპიძემ გააკეთა

“აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე არჩილ ვანაძე და ბათუმის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსი ბაგრატ ხალვაში ბრალს არ აღიარებენ. დოკუმენტებზე პასუხმგებელი ყველა იყო, თუმცა ამტკიცებენ, რომ ტენდერი კანონის შესაბამისად გამოცხადდა და ჩატარდა, დოკუმენტებიც შესაბამისად შემოწმდა. ისინი კომპანიის მხრიდან თაღლითობაზე საუბრობენ”,- განაცხადა რამინ პაპიძემ.

ბრალს არ აღიარებს არც ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი. მისი ადვოკატი განმარტებით, გიორგი ერმაკოვი მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და “იაფი სახლის” პროექტის მშენებლობის დოკუმენტებთან წვდომა არ ჰქონია.

“ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი, მხოლოდ დაკავებაა. ის ამბობს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ჩვენ შესაბამის მტკიცებულებებს სასამართლოს წარვუდგენთ და დადასტურდება მისი უდანაშუალობა. კომპანია რამდენად იყო ყალბი დოკუმენტებით – გიორგი ერმაკოვისთვის არ იყო ცნობილი, ფაქტიურად მას ამ კომპანიის დოკუმენტებთან ხელი არ მიუწვდებოდა. ვინ იყო პასუხისმგებელი ჯერ ვერ მოგახსენებთ”, – განაცხადა ჯემალ კიკნაძემ.

აჭარის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები პროკურატურამ გუშინ დააკავა. მათ ბრალს ოფიციალურად დღეს წაუყენებენ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში, ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა
შემდეგი სტატიათბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა