კომპანიის დირექტორს, რომელიც სამტრედიისა და ბათუმის ბაგა-ბაღებს ცხენის ხორცით ამარაგებდა, 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება

შპს „ელენიკოს“ დირექტორი, რომელსაც სამტრედიის ბაღებში საქონლის ხორცის ნაცვლად ცხენის ხორცი შეჰქონდა, დაკავებულია.

ნუგზარ მარგოიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გუშინ ღამით აიყვანეს. გამოძიება მას მომხმარებლის მოტყუებას, ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გამოყენებას ედავება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ არ უმსჯელია. ბრალი, რომელიც მარგოიძეს აქვს წაყენებული, 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული იქნა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ ბრალდებულს გაყალბებული დოკუმენტების გამოყენებით საბავშვო ბაღებში საქონლის ხორცთან ერთად ნაწილობრივ შეჰქონდა ცხენის ხორცი. აღნიშნული პიროვნება დაკავებული იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მომხმარებლის მოტყუების ყალბი საანგარიშსწორებო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ბრალდებით,“ -განაცხადა საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მიხეილ ონიანმა.

სამტრედიის გარდა იგივე კომპანია ხორცითა და ხორცის პროდუქტებით ამარაგებდა ბათუმის, ქობულეთისა და ხელვაჩაურის საბავშვო ბაღებსაც. ამ ეტაპისთვის უცნობია ხდებოდა თუ არა აღნიშნულ ბაღებში ცხენის ხორცის შეტანა.

banner
წინა სტატიაში,,წელგამართული იქნება საზოგადოებაც და პარლამენტიც, თუ პროკურატურა ორ კითხვას გასცემს პასუხს, რასთან ჰქონდა საქმე და რატომ ამდენი წლის შემდეგ”
შემდეგი სტატიაშსს – ვიდეო, რომელიც ზურაბ ჯაფარიძემ დავით მათიკაშვილს გაუგზავნა, არ შეიცავდა პირადი ცხოვრების ამსახველ მონაცემს