კომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირებისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს

სამშენებლო კომპანია „სვეტის” ხელმძღვანელი პირებისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა მიმდინარეობს. კომპანია „სვეტის“ დამფუძნებელს გივი ჯიბლაძეს და ამავე კომპანიის დირექტორს თორნიკე ჯანელიძეს ბრალის დადგენილებას პოლიციის მთავარ სამმართველოში გამომძიებლები აცნობენ.

როგორც დაკავებულების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და დუმილის უფლებას იყენებენ.

„გამომძიებლები ბრალდების დადგენილებას გაგვაცნობენ. გუშინდელი შეხვედრის და საუბრის შემდეგ არც ერთი მათგანი თავს დამნაშავედ არ ცნობს”, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

„სვეტის“ დამფუძნებელი გივი ჯიბლაძე და ამავე კომპანიის დირექტორი თორნიკე ჯანელიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. მათ ბრალად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ედებათ, რაც თაღლითობას, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლებას მოტყუებით გულისხმობს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, „სვეტის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ გამოძიება დეველოპერული კომპანია „სვეტის“ მენაშენეთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე დაიწყო. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ მხოლოდ ერთ ობიექტზე, ბრალდებულები გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე მოტყუებით დაეუფლნენ მენაშენეთა კუთვნილ თანხას 3 356 385 ლარის ოდენობით.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი ისრაელის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიაბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია