კომპანია, რომელიც ბაღების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, ცხიმიანობის სხვაობის გამო, 30 000 ლარით დაჯარიმდა

შპს „ნილი“, რომელიც თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების კვებით მომარაგებას უზრუნველყოფს, პროდუქციის ცხიმიანობასთან დაკავშირებით გამოვლენილი მცირე სხვაობის გამო დაჯარიმდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მერის მოადგილემ განმარტა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში გაურკვეველი აჟიოტაჟია ატეხილი და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშობლები დაარწმუნონ, თითქოს, ბავშვების კეთილდღეობას საფრთხე ექმნება.

„პირველ რიგში, მინდა, მივმართო მშობლებს და არა ოპოზიციას და ავუხსნა, თუ რა ზომებს იღებს თბილისის მერია იმასთან დაკავშირებით, რომ ბაღებში აღსაზრდელების კვება ხარისხიანი და უვნებელი იყოს. საბავშვო ბაგა-ბაღებში მონიტორინგს რამდენიმე ინსტიტუტი, მათ შორის, სურსათის უვნებლობის სააგენტო აწარმოებს. ისინი წლის განმავლობაში, პერიოდულად, 180-ვე ბაღს ამოწმებენ. მოწმდება ბაღის სამზარეულოს ჰიგიენური ნორმები, შენახვის პირობები, ასევე, ტარდება ლაბორატორიული კვლევები მიკრობიოლოგიურ ვარგისიანობაზე. მსგავსი კვლევები 180-ვე ბაღში არაერთხელ ჩატარდა და არანაირი გადაცდომა ან დარღვევა არ დადასტურებულა“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

მისივე განმარტებით, სურსათის უვნებლობის სააგენტოს გარდა, 180-ვე ბაღს საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება გეგმურად ამოწმებს. წლის განმავლობაში მათ მიერ დაახლოებით 1100-მდე შემოწმება ჩატარდა; სააგენტოს მონიტორინგის განყოფილება პროდუქტის შენახვის პირობებს, მენიუს შესაბამისობას, ბავშვებისთვის მიწოდებას, მზა კერძების რაოდენობას, ხარისხს, ვადებს, სამზარეულოს პერსონალის პირად ჰიგიენას, ნარჩენების გატანის წესის დაცულობასა და პროდუქტების ფინანსურ დოკუმენტაციას ამოწმებს.

„ამ ყველაფრის პარალელურად, შიდა აუდიტის საშუალებით, იმისთვის, რომ კიდევ ერთი დამატებითი საშუალება გვქონდეს და დარწმუნებული ვიყოთ სურსათის უვნებლობაში, თბილისის მერია მოულოდნელად, წელიწადში რამდენჯერმე ძალიან საფუძვლიან კვლევას ატარებს, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს, რომ ყველაფერი წესრიგშია. მერიის შიდა აუდიტმა გასული წლის 6 დეკემბერს ასეთივე კვლევა ჩაატარა თევზის ფილის ნიმუშებზე ცხიმიანობასა და პროდუქციაში ტყვიისა და კადნიუმის შემცველობაზე. აღებული იყო ასევე ყველის, კარაქის, ხაჭოს, არაჟნის, მაწვნის, სასმელი რძის ნიმუშები ცხიმიანობაზე, რძის ფხვნილისა და მცენარეული ცხიმის შემცველობაზე. აღნიშნული კვლევის შედეგად, რომელიც, როგორც სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ, ასევე ხარისხის ლაბორატორიამ (LLC Quality Lab) ჩაატარა, გადაცდომები გამოვლინდა“, – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,ბიძინა ივანიშვილი დღეს იქცეოდა როგორც გამაერთიანებელი ლიდერი“ – ზაქარია ქუცნაშვილი უმრავლესობის შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაზაქარია ქუცნაშვილი – ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ არ დაზოგავს დროსა და ენერგიას, რათა შეთანხმება შედგეს