კომპანია RMG – ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება

ფიტარეთის მონასტერთან დაკავშირებით საყდრისის კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება, – ამის შესახებ ნათქვამია კომპანია RMG-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კომპანია RMG-ში განმარტავენ, აღნიშნული ტერიტორია კომპანიის საქმიანობასთან არ არის კავშირში და ეს საყდრისის კომიტეტში კარგად უნდა იცოდნენ. მეტიც, კომპანიის საქმიანობა არ ეხება სამონასტრო კომპლექსს და არც გარშემო ტერიტორიას.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კომპანია RMG თანამშრომლობს ფიტარეთის მოქმედი სამონასტრო კომპლექსის ოფიციალურ და საეკლესიო პირებთან.

„ჩვენი თანამშრომლობა შეეხება სამონასტრო კომპლექსის დაცვისა და მასზე მზრუნველობის საკითხებს. ამჯერად, მონასტრის მომსახურე პირებმა მოგვმართეს ტექნიკური დახმარების თხოვნით და ჩვენ მათ მხოლოდ ტექნიკა ვათხოვეთ. შესაბამისად, სამუშაოთა დაგეგმვასა და წარმოებაზე ჩვენი კომპანია არ არის პასუხისმგებელი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული საკითხის დეტალები კარგად იციან საყდრისის კომიტეტშიც. ამის მიუხედავად კომიტეტის მხრიდან კომპანია RMG-ს მიმართ, ჩვენი მოსაზრებით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია. კომპანია RMG ბოლნისისა და დმანისის რაიონში უკვე წლებია ახორციელებს არაერთ პროექტს. ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან ერთად ჩვენ ვმონაწილეობთ სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურულ და სოციალურ პროექტებში, აღვადგენთ გზებს, ვარემონტებთ სკოლებსა და ბაღებს, ვეხმარებით კულტურულ თუ სპორტულ კოლექტივებს და სამომავლოდაც მზად ვართ ვაკეთოთ რეალური სიკეთე და საჭირო საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, კომპანია RMG-ში მიიჩნევენ, რომ კომპანიის მიმართ საყდრისის კომიტეტის წევრები დაგეგმილად და მიზანმიმართულად ავრცელებენ არასწორ და გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

„ჩვენი მხრიდან კომიტეტთან არაერთგზის გამოვთქვით საქმიანი და კონკრეტული ორმხრივი თანამშრომლობის სურვილი. ამის მიუხედავად, მათი მხრიდან მუდმივად არის ფაქტების დამახინჯებისა და ინფორმაციის მათთვის სასურველი ინტერპრეტაციით გავრცელების მცდელობები. აღნიშნული ორგანიზაცია, მსგავსი განცხადებებით ახორციელებს არა მხოლოდ ჩვენი საქმიანი რეპუტაციის შემლახავ და ცილისმწამებლურ კამპანიას, არამედ ცდილობს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას. კომპანია RMG-ის მუშაობა არის ღია და ჩვენი გუნდი მოქმედებს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით და საკუთარი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში. ჩვენი ქმედებები კომპანიის საქმიანი ინტერესების გარდა, განპირობებულია ქვეყნის, ადამიანებისა და გარემოს მიმართ არსებული პასუხისმგებლობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის „ბრექსითის“ შესახებ ტექნიკური მოლაპარაკებების მესამე რაუნდი გაიმართება
შემდეგი სტატიაბორჯომის ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის პილოტი და ეკიპაჟის 2 წევრი დღეს გამოიკითხებიან