კომპანია „კანიონი 350″-ის თანამშრომელ გელა ხურცილავას 10-წლიანი პატიმრობა შეეფარდა

მოსამართლემ დამნაშავედ ცნო ორივე თავდამსხმელი – კომპანია კანიონი 350″-ის თანამშრომელი გელა ხურცილავა და მისი ძმა გიგა ხურცილავა. მინდია ბჟალავას მკვლელობის მცდელობის გამო, გელა ხურცილავას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მის ძმას, გიგა ხურცილავას კი 9-თვიანი პატიმრობა შეეფარდა მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარისთვის.

თავდამსხმელებს სასამართლოში ინვესტორი კომპანიის ადვოკატები იცავდნენ. სასამართლო სხდომებზე ცხადად გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მისია არა ბრალდებულებისთვის სასჯელის შემსუბუქება, არამედ ინვესტორის იმიჯის გადარჩენა იყო. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული ყველა ბალდელი შემწყნარებლურ დამოკიდებულებას გამოხატავდა, კომპანიის ადვოკატებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა თავდამსხმელებს დანაშაული არ ეღიარებინათ. კომპანიის ადვოკატები ხელს უშლიდნენ მხარეებს შორის კომუნიკაციასაც.

მრავალი მტკიცებულების არსებობის მიუხედავად, “კანიონი 350”-ის ადვოკატები სასამართლოში ამტკიცებდნენ, რომ თითქოს სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მინდია ბჟალავა თავად მიეჭრა თავდამსხმელს და მისთვის დანით მიყენებული ჭრილობა, უბრალოდ, ნაკაწრი იყო.

სასამართლო განხილვებისას სოფელს არ დაუკარგავს იმედი, რომ ბრალდებულები არ დაუჯერებდნენ მოძალადე კომპანიის მანიპულაციურ სტრატეგიას და ჩადენილ დანაშაულს მოინანიებდნენ. სასამართლო პროცესებზე 17-ივე დაზარალებული გამოთქვამდა წუხილს ბრალდებულების ბედზე და იტოვებდა იმედს, რომ მონანიების შემთხვევაში, დაკავებულებს მსჯავრი შეუმსუბუქდებოდათ. სოფლის ამ განწყობამ შედეგი გამოიღო – დასკვნით მოსმენაზე, ბრალის აღიარების შემდეგ, გიგა ხურცილავას სასჯელი გაუნახევრდა და მან საპატიმრო უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაშიგუდალეთის ეკლესიის გალავნის კოშკი ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაქართველი ჯუდოკების პოზიციები მსოფლიო რეიტინგში – საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების გენერალური სპონსორია