კომპანია „იალქანი“ – უცხოელი ექსპერტების თქმით, შესაძლოა, გემი, რომელზეც ქართველი მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს

დაკარგულ ქართველ მეზღვაურებთან დაკავშირებით კომპანია „იალქანს“ ამ დრომდე არანაირი ინფორმაცია არ აქვს, – ამის შესახებ კომპანიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს.

მათი განმარტებით, საბერძნეთიდან მიუვიდათ შეტყობინება, რომ პროცესებში საერთაშორისო ორგანიზაციები ჩაერთნენ.

როგორც კომპანიაში აღნიშნეს, უცხოელი ექსპერტების თქმით, შესაძლოა, გემი, რომელზეც მეზღვაურები იყვნენ, მეკობრეებმა გაიტაცეს, თუმცა აღნიშნავენ, რომ ისინი არ არიან სომალელი მეკობრეები.

კომპანია „იალქანში“ აცხადებენ, რომ გემი, რომელიც 14 აგვისტოს შემდეგ კავშირზე არ არის, ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის. ასევე კომპანიაში განაცხადეს, რომ ცოტა ხანში ისინი განცხადებასაც გააკეთებენ და მედიას დამატებით ინფორმაციას მიაწვდიან.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკარგულია პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 17 ქართველი მეზღვაური იმყოფება. უწყების ცნობით, გემთან – Pantelena IMO 9321469, რომელიც ახდენდა ნავთობის ტრანსპორტირებას და რომლის ბორტზე 17 ქართველი მეზღვაურია, კავშირი 14 აგვისტოს გაწყდა. ბოლო კონტაქტი აფრიკის დასავლეთ სანაპიროზე, გვინეის ყურეში დაფიქსირდა.

„გემთმფლობელი ბერძნული კომპანია Lotus Shipping აწარმოებს მოძიების სამუშაოებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთად კოორდინირებულად მუშაობს გემთმფლობელ კომპანიასთან ვითარების გარკვევის მიზნით. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ პანამის დროშის ორგანიზაციასთან. საქმეში ჩართულია როგორც რეგიონის საზღვაო სამხედრო ძალები, ასევე გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ცენტრი – UKMTO“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-მ სირიაში სტაბილიზაციისათვის მილიონობით დოლარის გაგზავნაზე უარი თქვა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი- მე დავიწყებ კონსულტაციებს,როცა ,,ქართული ოცნება” საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს