კომიტეტმა მხარი დაუჭირა ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა მხარი დაუჭირა დაჩქარებული წესით წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზეც პარლამენტში შესული ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის რეგლამენტში სპეციალური ცვლილებები შედის.

კანონპროექტი დღესვე, პირველი მოსმენით, პლენარულ სხდომაზე გავა.

რეგლამენტის პროექტით დგინდება, რომ საპარლამენტო ფრაქციაში გაწევრების მსურველ პარლამენტის იმ წევრს, რომელიც შესაბამის საარჩევნო სიაში შეყვანილ იქნა როგორც “უპარტიო” ან რომელმაც დატოვა პარლამენტის არჩევნებში მის წარმდგენ საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტია, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, უფლება ექნება ნებისმიერ ფრაქციაში გაერთიანდეს და ამ მხრივ პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი მოქმედი შეზღუდვა მეათე მოწვევის პარლამენტში აღარ იარსებებს.

ამასთან, პარლამენტის რეგლამენტის პროექტით იქმნება შესაძლებლობა, რომ 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულმა პარლამენტის არანაკლებ 4-მა წევრმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას და ასეთი ჯგუფის ფორმატში მთელი რიგი ის უფლებები განახორციელოს, რაც ფრაქციას გააჩნია. პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფები ფრაქციის შექმნისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით შეიქმნება და ფრაქციის გაუქმებისთვის რეგლამენტით დადგენილი წესით გაუქმდება.

პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი პარლამენტის თანამდებობის პირი იქნება, რომელიც ყველა იმ პრივილეგიით ისარგებლებს, რაც ფრაქციის თავმჯდომარეს გააჩნია.

banner
წინა სტატიაშითბილისის მოსახლეობას ბუნებრივ აირზე ტარიფი გაეზრდება
შემდეგი სტატიაჯაფარიძე – ამნისტიასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული პროექტი, ერთადერთი სწორი ვერსიაა