კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტზე იმსჯელეს

იურიდიულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი განიხილეს, რომლის მიზანია ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფა.

კანონპროექტი ემყარება ევროკავშირის კანონმდებლობას, კერძოდ, ევროპარლამენტის და საბჭოს შესაბამის დირექტივებს ამ დირექტივების მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვას.

„დღეს მოქმედი კანონი, რომელიც შემუშავებული იქნა 1995 წელს, ვეღარ პასუხობს თანამედროვე სტანდარტებს. ამასთან, ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, ერთ-ერთი ვალდებულებაა სისხლის უსაფრთხოებისთვის სისტემა განისაზღვროს. ამდენად, კანონის შექმნის მოტივაციას წარმოადგენს ერთი მხრივ, სისტემის განახლების აუცილებლობა და მეორე მხრივ, ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის საჭიროება“, – განაცხადა მომხსენებელმა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება სისხლის და მისი კომპონენტების შეგროვების, ტესტირების, დამუშავების, შენახვისა და განაწილების განმახორციელებელი დაწესებულების სტატუსი, ორგანიზაციულ – სამართლებრივი ფორმა, საქმიანობის წესი, უფლებები და მოვალეობები. იქმნება სისხლის დაწესებულებების ლიცენზირების სისტემა, განისაზღვრება ლიცენზიის გამცემი ორგანო და ლიცენზიის გაცემის წესი, დგინდება კომპეტენტური ორგანოს მიერ სისხლის დაწესებულების კონტროლთან და ინსპექტირებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიღების შედეგად, შეიქმნება ჰემოზედამხედველობისა და მიკვლევადობის სისტემები, რომლებიც სერიოზული გვერდითი მოვლენების და რეაქციების მონიტორინგის ერთიან სისტემასაც მოიცავს.

მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება შედის მთელ რიგ თანმდევ კანონპროექტებში. მათ შორის: „საჯარო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონებში, რომლის შესაბამისად, საჯარო მოხელესა და სამხედრო მოსამსახურეს სისხლის დონაციისთვის გაცდენილი სამუშაო დღე საპატიოდ ჩაეთვლება და შრომის ანაზღაურება შეუნარჩუნდება. „შრომის კოდექსში“ შესული ცვლილებით კი, დამსაქმებელი ვალდებული იქნება დასაქმებული სისხლის ან მისი კომპონენტის ჩაბარების მიზნით გაათავისუფლოს სამსახურიდან ჩაბარების დღეს, ჩაუთვალოს გაცდენა საპატიოდ და აუნაზღაუროს. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ ცვლილებების შესაბამისად, ახალი მუხლით დადგინდება მოქმედი სისხლის დაწესებულების არასამეწარმეო იურიდიულ პირად რეგისტრაციის წესი. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტში განსახორციელებელი ცვლილებით დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებული გახდება სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზიის განხორციელებამდე მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა. „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებების შესაბამისად მოხდება დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილების შესაბამისად, საქმიანობის ლიცენზიის სახედ სისხლის კომპონენტის საქართველოდან ექსპორტიც განისაზღვრა.

კომიტეტების წევრებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს, რომლის გათვალისწინებით, კანონპროექტთა პაკეტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მე-7 საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – ყველა პარამეტრით როდესაც უსწრებ უკრაინას, მოლდოვას, განსხვავებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური გამართლება სჭირდება, ერთი გამართლება არის ომი, მეორე იყო გეოგრაფია, რასაც ჩვენ ვერ შევცვლით