კომისიამ ოთხ იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით შპს „G-NET“-ს, შპს „ანრი 109“-ს, ი/მ კობა გიორგაძეს და ი/მ „ბექა ხაჭაპურიძეს“ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩერდათ. ამის შესახებ ,,თაიმერს” ეროვნული კომისიიდან აცნობეს.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია უფლებამოსილია იურიდიულ პირს ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია შეუჩეროს თუ პირი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ერთობლივად:

ა) არ ახორციელებს ავტორიზებულ საქმიანობას;

ბ) არ წარუდგენს კომისიას რეგულირების საფასურის გაანგარიშებებს ან წარუდგენს ნულოვან გაანგარიშებას;

გ) არ იხდის რეგულირების საფასურს.

კომისიის უწყებრივი რეესტრის და კომისიაში თითოეული იურიდიული პირის მიერ წარმოდგენილი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმების თანახმად, ოთხივე კომპანია გასული ერთი წლის განმავლობაში არ ახორციელებდა ავტორიზებად საქმიანობას, რაც დაედო საფუძვლად ავტორიზაციების შეჩერებას.

„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომპანიები საქმიანობის განახლების შემთხვევაში უფლებამოსილნი არიან ავტორიზაციის აღდგენის თაობაზე ხელახლა მიმართონ კომისიას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
შემდეგი სტატია“მრავალეროვანი საქართველო” დმანისის გამგებელს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს!