კომისია მიიჩნევს, რომ სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა დაიწყოს

კომისია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, – ამის შესახებ დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრმა, ოთარ კახიძემ კომისიის დღევანდელ სხდომაზე პროკურატურისა და შსს-ს მიმართ გაცემული რეკომენდაციების წარდგენისას განაცხადა. „ევროპული საქართველოს“ წევრების რეკომენდაციით, გამოძიების ფარგლებში ასევე უნდა დადგინდეს ჯგუფური დანაშაულის სახე – ეს იყო წინასწარ შეთანხმებით მოქმედი ჯგუფი, თუ ამგვარი შეთანხმების გარეშე მოქმედი ორი ან მეტი ამსრულებელი.

„მ.კ-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რეკომენდაცია კომისიას გაცემული აქვს მუშაობის პროცესში, როდესაც ჩვენ გამოძიებული საქმის მასალების საქმის მიხედვით დავაფიქსირეთ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მიუთითებდა პროკურატურის მხრიდან იქამდე დაუდგენელი ფიგურანტის, მირზა სუბელიანის ნათესავის მ.კ-ს მხრიდან დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობაზე. აღნიშნული რეკომენდაცია კომისიამ 2018 წლის 30 ივნისს გასცა, თუმცა მას შემდეგ კომისიამ გამოავლინა დამატებითი მტკიცებულებები, რითაც კიდევ უფრო გამყარდა მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები. გამოძიების ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების გარდა კომისიამ დაადგინა, რომ მ.კ-მ 51-ე სკოლელებთან საქმის გასარჩევად წაიღო ამ ეტაპზე დაუდგენელი საგანი, რომელიც გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბის დროს. აღნიშნული ახალი გარემოება დამატებით ასაბუთებს მ.კ-ს განზრახვას დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობის ნაწილში. მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ აღნიშნული საგანი მ.კ-მ 51-ე სკოლის წინ თავის მეგობრებს აჩვენა, შემდეგ გამოიყენა დავით სარალიძის წინააღმდეგ ფარდულში ჩხუბისას და ბოლოს ჩხუბის შემდეგ კვლავ აჩვენა მეგობრებს და აღნიშნა, რომ ამ საგანს ურტყამდა დავით სარალიძეს,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ოთარ კახიძის თქმით, პირი, რომელიც ხედავს, რომ ადამიანს დანებით აყენებენ მრავლობით ჭრილობებს მუცელსა და გულ-მკერდში და ამ დროს ხელით იჭერს და გარკვეულ საგანს ურტყამს მსხვერპლს, თავისი აქტიური ქმედებით სჩადის განზრახ ჯგუფურ მკვლელობას.

„მოწმეებისგან ახსნა-განმარტებების მიღების პროცესში კომისიამ მოიპოვა აღნიშნული საგნის ესკიზი. საქმის მასალებში ფიგურირებს ვიდეო-ჩანაწერი, რომელშიც ფიქსირდება, თუ როგორ აჩვენებს მ.კ მის მეგობრებს აღნიშნულ საგანს. მ.კ-ს მხრიდან გარკვეული საგნის ქონდა და ჩხუბის დროს მისი გამოყენება კიდევ უფრო ამყარებს კომისიის მხრიდან გაცემულ შუალედურ რეკომენდაციას, დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ არასრულწლოვანი დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომისია მიიჩნევს, რომ პროკურატურამ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მ.კ-ს სისხლის სამართლებრივი დევნა არასრულწლოვანი დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ და ე ქვეპუნქტებით. სისხლის სამართლებრივი დევნისა და გამოძიების ფარგლებში უნდა დადგინდეს ჯგუფური დანაშაულის სახე – ეს იყო წინასწარ შეთანხმებით მოქმედი ჯგუფი თუ ამგვარი შეთანხმების გარეშე მოქმედი ორი ან მეტი ამსრულებელი,“ – განაცხადა ოთარ კახიძემ შსს-სა და პროკურატურის მიმართ შემუშავებული პირველი რეკომენდაციის წარდგენისას.

banner
წინა სტატიაშიქართული საბავშვო თოჯინების თეატრი ფრანკფურტში თიბისი ბანკის მხარდაჭერით წარსდგა
შემდეგი სტატიაადვოკატი – ექსპერტიზის დასკვნით, რაიან სმიტს ზემოდან ესროლეს, მალხაზ კობაური კი სმიტზე დაბალია