კომერციული ატაშეების შესახებ კანონპროექტს მთავრობაში დღეს განიხილავენ

საქართველოს მთავრობა კომერციული ატაშეების ინსტიტუტს ქმნის, – ცვლილებებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ კანონში“ მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ეს იქნება მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც ხელს შეუწყობს ექსპორტს და ვაჭრობას.

„ყველა ქვეყანაში, სადაც ვაჭრობის მიმართულებით დატვირთვა მაღალია, იქნება საქართველოს სპეციალური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს საქართველოს ექსპორტიორების ინტერესების ლობირებას იმ ქვეყანაში და იქნება მთავრობის უშუალო წარმომადგენელი ამ კუთხით კომპანიების დასახმარებლად. განსაკუთრებით საუბარია ექსპორტზე, თუმცა იმპორტიც მნიშვნელოვანია და ქმნის სამუშაო ადგილებს საქართველოში. მოგიწოდებთ, მაქსიმალურად ჩქარა შევქმნათ ეს ინსტიტუტი, რათა ამ მიმართულებით მუშაობა გაძლიერდეს“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკის სამინისტროში უკანასკნელ პერიოდში ჩამოყალიბდა კონკრეტიზებული მიდგომა კონკრეტულ ქვეყნებთან მიმართებაში, სადაც ცალკეული ადამიანები არიან პასუხისმგებელი კონკრეტულ პორტფელთან მიმართებაში – რამდენიმე ქვეყანასთან ვაჭრობის დინამიკაზე.

banner
წინა სტატიაშისამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახები ერთჯერადად 100 ათას, ყოველთვიურად კი, 1000-ლარიან შემწეობას მიიღებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში საათების საწარმო ამოქმედდება