კომენტარები ე.წ. ექსპრემიერ სერგეი შამბას გამონათქვამებზე ქართველთა ეთნორადიკალიზმისა და აფხაზურ საზოგადოებაში არსებული სიტუაციის შესახებ

ამას წინათ, აფხაზეთში არსებული ვითარებით შეშფოთებულმა ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა “პრემიერ-მინისტრმა” სერგეი შამბამ მთავარი ოპოზიციური პარტიის – “ამცახარას” ხმაურიანი ყრილობის შემდეგ აფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ მოულოდნელი განცხადება გააკეთა , სადაც აღნიშნა:
“აფხაზური სახელმწიფო დაღუპვისკენ და გაქრობისკენ მიდის და ერთ-ერთი მთავარი პრობლემა აფხაზეთში ახალგაზრდების ეთნორადიკალებად და კრიმინალებად ჩამოყალიბებაა. თუ ეს ტენდენცია არ შეჩერდა, აფხაზეთი ორი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება: ერთი საფრთხეა ის, რომ აფხაზური ეთნოსი, ენა გაქრეს, სხვა დიდმა ეთნიკურმა ჯგუფებმა შთანთქას, მაგალითად, რუსებმა და სომხებმა, მეორე კი ის, რომ ახალგაზრდებში მზარდი რადიკალური ნაციონალიზმი ბოლოსდაბოლოს ახალ ეთნოკონფლიქტს გამოიწვევს, ამჯერად აფხაზებსა და რუსებს, სომხებს, მეგრელებს შორის.
ამასთან, შამბა აღნიშნავს, რომ ეთნორადიკალიზმი აფხაზებისთვის არ არის დამახასიათებელი, ის გარედან თავს მოხვეული ჭირია: „აფხაზ ახალგაზრდებში ეთნორადიკალიზმის აღორძინება ქვეყნის “მტერი ქართველების” ამაზრზენი თვისების კოპირებაა. ამ ყველაფერს კი ეთნიკური საფუძველი აქვს, რადგან აფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ებრძოდა საქართველოს ეთნორადიკალიზმს და არა მარტო იმიტომ, რომ ქართული ეთნორადიკალიზმი აფხაზებს ავიწროებდა, არამედ იმიტომ, რომ აფხაზური ინტელიგენციისთვის ამაზრზენი იყო ეთნორადიკალიზმი, როგორც პრინციპი. ახლა კი, როდესაც ეს ახალგაზრდებმა დაიწყეს, ამით ჩვენი მტრის გზას ვიმეორებთ და საკუთარ იდეალებს ვღალატობთ. ჩვენ დავამარცხეთ მტერი (ქართველები), მაგრამ რატომ უნდა მივიღოთ მათი ყველაზე ამაზრზენი თვისებები?”-აღშფოთებით კითხლობს შამბა.
იძულებული ვართ, შევახსენოთ ბატონ „ექსპრემიერს“, რომ იმ არც თუ შორეულ, 90-იან წლებში თავადაც ეთნორადიკალიზმის ერთ ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო, სწორედ რომ მისი მეურვეობით გახდა „აიდგილარა“ ომის პარტია, რომელიც ქართველებისა და ყოველივე ქართულის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამასთან, აფხაზური ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობა კი არ ებრძოდა საქართველოს ეთნორადიკალიზმს , როგორც შამბა აცხადებს, არამედ აფხაზური სეპარატიზმი ებრძოდა საქართველოს ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას რუსული ძალების მხარდაჭერით, რათა საქართველოს ვერ მიეღწია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. ეთნორადიკალიზმი თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე საქართველოში არასდროს დაფიქსირებულა, რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე ოდითგანვე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები-აზერბაიჯანელები, სომხები, ბერძნები, რუსები, მაგრამ ბუნებით ტოლერანტ ქართველებს მათთვის არასდროს შეუქმნიათ პრობლემები. ოსებსა და აფხაზებს კი ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლებში ყოველგვარი საშუალება ეძლეოდათ ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ადათ-წესების შენარჩუნებისა და განვითარებისათვის,
ეტყობა, ე.წ. ექსპრემიერს მახსოვრობა ღალატობს, ან არ სურს აფხაზეთის ომამდელი წარსულის გახსენება, როცა 10 წელიწადში ერთხელ აფხაზ სეპარატისტთა ჯგუფი შორეულ მოსკოვში წერილს აგზავნიდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კრასნოდარის მხარესთან მიერთების მოთხოვნით.
აი, ასეთი ცოცხალი მაგალითები აქვს აფხაზეთის დღევანდელ ახალგაზრდობას, რომელთა ცნობიერებაში ქართველის მტრის ხატის შექმნა ყოველდღიურად ხდება. ეს არის ის ახალგაზრდობა, რომელსაც სეპარატისტები გამუდმებით ჩასჩიჩინებენ, რომ აფხაზი ერი გამორჩეულია, მან „დაამარცხა საძულველი ქართველი ფაშისტები“ და ის ვინც ეთნიკურ წმენდას გადაურჩა და დღემდე გალის რაიონში ცხოვრობს, „უუფლებო და მესამეხარისხოვანი“ მასაა, რომელსაც აფხაზეთში ცხოვრება მხოლოდ „ბინადრობის უფლებით“ შეუძლია.
სამწუხაროდ, „გამარჯვების“ ეიფორიამ დაუსჯელობის სინდრომი ჩამოაყალიბა აფხაზებში. ასეთი სამწუხარო მოვლენა დამახასიათებელია იმ თაობისათვის, რომელთა ბაბუებმა და მამებმა აფხაზეთიდან გაძევებული ქართველების დანატოვარი ქონებით მოითბეს ხელი, იქიდან იძულებით განდევნილი ქართველების სახლებში ცხოვრობენ და ამიტომაც დღემდე ეშინიათ ქართველი დევნილების უკან დაბრუნების . ამიტომ დღეს აფხაზი ახალგაზრდა, რომელსაც სეპარატისტული ხელისუფლება სიცრუეში აცხოვრებს და სიმართლეს უმალავს, გაორებულია, ფსიქიკურად გაუწონასწორებელი, დაბნეული. ამან კი გამოიწვია სწორედ ერთი მხრივ ამ ახალგაზრდების ეთნორადიკალიზმის ტყვეობაში ყოფნა, მეორე მხრივ კი მოსახლეობის კრიმინალიზაცია , თავაშვებულობა, შედეგად ნარკომანიისა და სხვა სპეციფიკური დაავადებების გავრცელება, რომელთა მკურნალობაში აფხაზ მოსახლეობას ისევ „ეთნორადიკალიზმის ტყვეობაში მყოფი“ ქართული მხარე უწვდის ხელს .
არადა, ყველას კარგად გვახსოვს ბატონ შამბას „ფრთიანი“ გამონათქვამი:“ ჯობს ოკეანეში დავიხრჩოთ, ვიდრე ჭაობშიო“. ოკეანეში შამბა რუსეთის ფედერაციას გულისხმობდა, ჭაობში კი საქართველოს, რომელიც მიუხედავად თავს დატეხილი განსაცდელისა, ნამდვილად არ არის ის ქვეყანა, რომელიც 90-იან წლებში იყო. საქართველომ განვითარებისა და წინსვლის გზა აირჩია და ამ მხრივ მნიშვნელოვან წარმატებებსაც მიაღწია სხვადასხვა სფეროში. ჩვენთვის სამწუხაროა, რომ აფხაზეთი, წარსულში ეკონომიკურად ძლიერი და თვალწარმტაცი რეგიონი დღეს მართლაც ჭაობურ სიტუაციაშია- საწარმოები არ მუშაობს, ახალგაზრდებს დასაქმების საშუალება არა აქვთ, რაც უიმედობას და დეპრესიას იწვევს ახალ თაობაში. ამის შედეგია სწორედ ის სამწუხარო ტენდენციები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღინიშნება- აფხაზური მხარის სტატისტიკური მონაცემებით წელს ოკუპირებიულ ტერიტორიაზე. არსებულ ნარკოლოგიურ დისპანსერში მკურნალობა გაიარა 1350-მა ნარკოდამოკიდებულმა. ეს ციფრი, ცხადია, არ ასახავს ნარკოდამოკიდებულთა საერთო რაოდენობას აფხაზეთში, რადგან მათი უმრავლესობა აღრიცხული არ არის, ამ ადამიანების დიდი ნაწილი კი ენგურსგამოღმა მეტადონის პროგრამაშია ჩართული და მკურნალობს. ნარკომანიასთან კავშირშია სხვადასხვა სახის სოციალურად საშიში დაავადებების მომრავლება ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ, შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი, აივ ინფექცია, ც და ბ ჰეპატიტები. აფხაზეთში მოქმედი შიდსთან ბრძოლის ცენტრის მონაცემებით აფხაზეთში ყოველწლიურად გვხვდება ბ ჰეპატიტის გამოვლენის 300-350 , ხოლო ც ჰეპატიტის400-450 ახალი შემთხვევა.
მიმდინრე წლის 1 აგვისტოსათვის ქართული მხარის მონაცემებით თბილისში ინფექციური პათოლოგიის, შიდსაისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში მკურნალობას იტარებდა აივ ინფექციის მატარებელი 501 პაციენტი აფხაზეთიდან, მათ შორის 49 ბავშვი.
ოკუპირებული აფხაზეთის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო დისპანსერის მონაცემებით გასულ წელს სტაციონარში 270-მდე ადამიანი მკურნალობდა. დღეისათვის მკურნალობას 99 ადამიანი განაგრძობს. ექიმების თქმით, ტუბერკულოზით დაავადებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი აღურიცხავია, ამიტომ დავადებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.
დამაფიქრებელი აფხაზეთში მომხდარი სუიციდის შემთხვევებიც. ბოლო ორი თვის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიაზე სუიციდის 12 და თვითმკვლელობის მცდელობის 4 შემთხვევა გახდა ცნობილი, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში სუიციდის 836 შემთხვევა დაფიქსირდა. აფხაზური მხარის მონაცემებით,2013 წლიდან დღემდე ჩადენილ იქნა 145 თვითმკვლელობა და 35 სუიციდის მცდელობა. მარტო 2018 წელს მოხდა 28 თვითმკვლელობა და 10 თვითმკვლელობის მცდელობა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ ერთ მტკივნეულ პრობლემას წარმოადგენს ახალგაზრდების მიერ არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვა და გადაჭარბებული სიჩქარე, რასაც უამრავი მსხვერპლი მოჰყვა. ამ საგანგაშო სიტუაციაზე ნათელ სურათს იძლევა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური სურათი: 2017 წელს აფხაზეთში დარეგისტრირებულ იქნა 81 ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის დროსაც 67 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 245 დაშავდა. მიმდინარე წლის 5 თვის განმავლობაში დარეგისტრირებულია 69 ატოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, დაზიანებები კი მიიღო 95-მა როგორც აფხაზურ პრესაში არაერთხელ აღინიშნა, უმეტესობა იმ ახალგაზრდებისა , რომლებიც საგზაო წესებს არღვევენ და არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვასა და სიჩქარის გადაჭარბებაში არიან შემჩნეული, თანამდებობის პირების შვილები არიან. ამიტომ აფხაზური საზოგადოება დაჟინებით მოითხოვდა, რომ ამ ახალგაზრდებთან ერთად მათი მაღალჩინოსანი მამებიც დასჯილიყვნენ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის მიხედვით ნათელია, თუ სანამდე მიიყვანა ახალგაზრდა თაობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე გამეფებულმა ქაოსმა და დაუსჯელობის სინდრომმა, რაც ნამდვილად სამწუხაროა.ესენი არიან სწორედ ის ახალგაზრდები, რომელთა პოტენციალი, ნიჭი და ენერგია უნდა მოხმარდეს რეგიონის წინსვლასა და წარმატებებს.
რაც შეეხება სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან დაპირისპირებას, თუ რამე არ შეიცვალა საზოგადოების სასიკეთოდ, ეს იქნება სწორედ ის ბუმერანგი, რომელიც ე.წ. აფხაზმა პოლიტიკოსებმა და ინტელიგენციამ გაუმზადეს თავიანთ ხალხს და, რომელსაც საბოლოო ჯამში, ვერც ერთი მონოეთნიკური „ სახელმწიფოს“ მშენებელი ხალხი თავიდან ვერ აიცილებს.
მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც გვწამს, რომ აფხაზ ახალგაზრდებში მრავლად არიან რეალისტურად მოაზროვნე, განათლებული, ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც არ დაუშვებენ ეთნორადიკალიზმის გაღვივებას და მონოეთნიკური საზოგადოების მშენებლობას, აფხაზ ახალგაზრდებში არის ამის რეალური რესურსი და შინაგანი ძალა, რომელიც მიუხედავად სეპარატისტული რეჟიმის მცდელობისა, ისინი ჩაკეტილ სივრცეში და ცრუ ილუზიებში აცხოვროს, ახალგაზრდები მაინც იპოვიან სწორ ორიენტირებს და შეძლებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული რეალობის სწორად გაანალიზებას.

მარი მხეიძე

banner
წინა სტატიაშისუს-მა ზუგდიდის ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრი“-ს საქმიანობის შესწავლა დაიწყო
შემდეგი სტატია2008 წლის ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გერმანიაში საქართველოს საელჩოში ფოტოგამოფენა გაიმართა