კოლომინა – საჭიროების შემთხვევაში მზად ვართ, საქართველოს უდიდესი დახმარება გავუწიოთ, ჩვენ ვმუშაობთ თანამშრომლობის ახალ ზომებზე

ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად, ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი ვიზიტიც გასულ კვირას, რათა ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ნატო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განუცხადა.

როგორც ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რეგიონსა და საქართველოში ვიზიტის დროს იმ საუბრების ნაწილი, რომელიც სამივე ქვეყანაში ჰქონდა და განსაკუთრებით საქართველოში, არის რუსეთის უკრაინაში ომის რეგიონული გავლენა.

„ვხედავთ, როგორ მოქმედებს რუსეთი ბოლო თვეების განმავლობაში, როგორ ცვლის მეთოდებს, როგორ იყენებს ყველა ტიპის საშუალებას თავდასხმისთვის – იქნება ეს კიბერ, ჰიბრიდული მეთოდები, დეზინფორმაცია თუ კონვენციით აკრძალული იარაღები, რომელსაც ის უკრაინაში იყენებს. მე მესმის და ძალიან კარგად გავუგე ქართულ საზოგადოებას, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და უმაღლესი თანამდებობის პირებს, ვისაც შევხვდი, პრემიერიდან დაწყებული, პარლამენტის წევრებისა და მინისტრების ჩათვლით, რომ შეშფოთებული არიან რისკებით, რა მოხდება, თუ რუსეთი ფრონტის მეორე ხაზს გახსნის, როგორც ისინი ამბობენ. მაგრამ მე მჯერა, თუ რუსეთი ამ გზას აირჩევს, ეს სტრატეგიული შეცდომა იქნება. არ მჯერა, რომ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ ახლა. ამიტომ ჩვენი შეფასებაა – რასაკვირველია, რისკები არსებობს, რისკები ყველგანაა, მაგრამ ჩვენ მზად ვართ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს უდიდესი დახმარების გასაწევად. ჩვენი ადგილზე ყოფნის ერთ-ერთი დადასტურებაა ჩემი პირადი ვიზიტიც გასულ კვირას, ცხადად გვეჩვენებინა მსოფლიოსთვის, რომ ნატო რეალურად უჭერს მხარს საქართველოს და რისკები მაქსიმალურად შეგვემცირებინა“, – განაცხადა კოლომინამ.

კითხვაზე, რისკებისა და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, რა არის საჭირო ნაბიჯები, რომელიც ნატო-მ უნდა გადადგას, კოლომინამ აღნიშნა, ნატო-მ გადაწყვიტა, გაააქტიუროს მხარდაჭერა იმ სახელმწიფოების მიმართ, რომლებიც უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან.

„ერთ-ერთი გაკვეთილი, რაც რუსეთის უკრაინაში ომიდან ვისწავლეთ, ის არის, რამდენად მნიშვნელოვანი იყო უკრაინაში წვრთნები და მხარდაჭერა ბოლო წლების განმავლობაში, 2014 წლის ყირიმის უკანონო ანექსიიდან ქვეყანაში რუსეთის ომამდე. სწორედ ამის მაგალითზე, რისკებისა და იმ გავლენების გათვალისწინებით, რომელსაც რუსეთი იყენებს ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, გადავწყვიტეთ, რომ გავააქტიუროთ იმ სახელმწიფოების მხარდაჭერა, რომლებიც, გვჯერა, უფრო დიდი რისკის ქვეშ არიან ან უბრალოდ ფიზიკურად ახლოს არიან რუსეთთან, როგორც საქართველოს, მოლდოვას და კიდევ უფრო განსხვავებულია ბოსნია-ჰერცეგოვინას შემთხვევაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვმუშაობთ სპეციალურ ზომებზე ამ სამი ქვეყნისთვის, მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. ეს ნიშნავს თანამშრომლობის ახალ ზომებს, რომელიც უფრო მეტ პრაქტიკულ თანამშრომლობას მოიცავს, უფრო მეტ სამხედრო წვრთნას და პოლიტიკურ დიალოგს, იმაზე მეტსაც კი, ვიდრე ახლა გვაქვს. ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ თანამშრომლობის იმ დონით, რომელიც საქართველოსთან გვაქვს, მაგრამ მზად ვართ ამაზე მეტი მოვიტანოთ მაგიდასთან. სწორედ ახლა ვმუშაობთ ამაზე და ჩემი მოლოდინია, რომ დიდი ალბათობით ჩვენ მოვახერხებთ ზოგიერთ ამ წინადადებაზე შეთანხმებას მადრიდის სამიტზე“, – განაცხადა კოლომინამ.

banner
წინა სტატიაშიევროპის მთავარი მხარდაჭერა ისაა, რომ ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება რეალობად იქცეს – ზურაბიშვილი
შემდეგი სტატიარუსი ოკუპანტები არა მხოლოდ ანადგურებენ პოპასნას, არამედ ლუგანსკის ოლქის რუკიდან შლიან – გაიდაი