კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია არ უჭერს მხარს რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში – უკრაინის დაზვერვა

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ( CSTO ) წევრი ქვეყნები არ უჭერენ მხარს რუსეთს და არ გამოხატავენ უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობის სურვილს, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო იტყობინება.

შეგახსენებთ, CSTO არის სამხედრო-პოლიტიკური საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელშიც შედის ბელორუსია, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი.

„მიუხედავად რუსეთის ფედერაციის დაჟინებული თხოვნისა, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს არ სურთ მიიღონ მონაწილეობა უკრაინის წინააღმდეგ ომში. მათ შორის ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის“ ტერიტორიაზე. მაგრამ CSTO-ს წევრებმა შეიძლება, განიხილონ რუსეთის ფედერაციის ან ბელორუსიის ტერიტორიაზე ეროვნული კონტინგენტების შეზღუდული განლაგების შესაძლებლობა“, – ნათქვამია დაზვერვის ანგარიშში.

ცნობისთვის, 15 აპრილს ყაზახეთის თავდაცვის მინისტრმა რუსლან ჟაქსილიკოვმა განაცხადა, რომ ყაზახეთს არ მიუღია მოთხოვნა უკრაინის ტერიტორიაზე ეროვნული ჯარების გაგზავნის შესახებ. მან დაადასტურა, რომ CSTO-ს სამხედრო კომიტეტის ბოლო სხდომაზე უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის საკითხი არ განიხილებოდა.

„ახლა CSTO-ს ყველა წევრი ქვეყანა (რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის გარდა) ნეიტრალურია რუსეთის შეჭრის საკითხთან დაკავშირებით. არც ერთმა მათგანმა არ აღიარა ყირიმის ანექსია და ე.წ. „დონეცკისა და ლუგანსკის“ დამოუკიდებლობა“, – დასძინა დეპარტამენტმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – კონსტიტუციის და კანონმდებლობის მიხედვით როცა მომიწევს პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, მივალ
შემდეგი სტატიასააკაშვილის გარეთ გამოყვანის მიზანია იგრძნონ უფრო მეტი ძალა, ქვეყანა რომ ომში ჩართოს რომელიმე პარტიამ, ამისთვის ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ, ხელისუფლებაში ვერ მოვლენ – დავითულიანი