„კოკა-კოლას“ ოფისში, სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარეს, დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქურდობის ბრალდებით, 1981 წელს დაბადებული მ.ტ. დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც ამავე დროს, იყო შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ თანამშრომელი, მიმდინარე წლის 14 სექტემბერს, ს.ს. „კოკა-კოლას“ ადმინისტრაციის ოფისის სალარო ოთახში არსებული სეიფიდან 133 000 ლარი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამართალდამცველებმა, დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ავტომანქანის ჩხრეკისას, ნივთმტკიცების სახით, მოპარული თანხა სრულად ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის დელეგაციას შეხვდა
შემდეგი სტატიაუმრავლესობის დეპუტატი ნინო წილოსანი იმ შეწყალების კომისიის დათხოვნას ითხოვს, რომელიც აღარ ფუნქციონირებს