კოკა კობალაძე – „მჯერა, რომ გიორგი გახარიას მოქმედება ყოველთვის ასეთი ეფექტიანი იქნება“

დღეს, მედია ცენტრში -„მთავარი“, კოკა კობალაძემ და მისმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ პრესკონფერენცია გამართეს, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ კობალაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, უბნის 2 ინსპექტორ-გამომძიებლის, მათი უშუალო ხელმძღვანელისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება განიხილეს.
„კარგია, რომ ბატონმა გახარიამ ეს ნაბიჯი გადადგა. ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ აღარ ხდება ხელის დაფარება სისტემაში და სისტემა მართლაც გამჭვირვალეა“- განაცხადა კობალაძის ადვოკატმა. ალექსანდრე კობაიძის თქმით   სისტემა ორიენტირებულია, რომ დაისაჯონ დამნაშავეები და მასში აღარ მუშაობდნენ ის პირები, რომლებიც მოსახლეობაზე ძალადობენ.
„ჩვენი მოთხოვნა მაქსიმალურად არის დაკმაყოფილებული. ჩვენ ვითხოვდით, რომ ის ორი ადამიანი გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, რომლებმაც კოკა კობალაძე სცემეს, თუმცა ბატონმა გახარიამ გადაწყვიტა, რომ არა მარტო ის ორი ადამიანი, არამედ მათი მფარველებიც გაეთავისუფლებინა დაკავებული თანამდებობებიდან. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრო ემსახურება ხალხს და ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია, – განაცხადა კობაიძემ.
ამავე პრესკონფერენციაზე კოკა კობალაძემ ოპერატიული და ეფექტიანი რეაგირებისთვის მადლობა გადაუხადა შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ხოჯრევანიშვილს.
„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მინისტრს, გიორგი გახარიას. ძალიან კარგია, რომ მან ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და ჩემს სახლში მომხდარის გამო დაითხოვა 4 პოლიციელი. მისი ასეთი გადაწყვეტილება მისასალმებელია. ასევე, უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ ინსპექციას, მის ხელმძღვანელს, ბატონ ალექსანდრე ხოჯრევანიშვილს, რომელიც პირადად დაინტერესდა ჩემი მდგომარეობით. პირადად მოვიდა ჩემთან სახლში და პირობა დამიდო, რომ ამ ყველაფერს გამოიძიებდა და დამნაშავეებს დასჯიდა. მან ეს პირობა შეასრულა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის მაგალითზე, დანარჩენი პოლიციელები მსგავსს აღარაფერს ჩაიდენენ, რადგან დანაშაულის ჩამდენი პირები მკაცრად დაისჯებიან. მე მჯერა მინისტრის. მჯერა, რომ გიორგი გახარიას მოქმედება ყოველთვის ასეთი ეფექტიანი იქნება.“-აღნიშნა კოკა კობალაძემ.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო : შახტში დაშავებულებიდან ორის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატია101 მომხრე, 2 წინააღმდეგი – მთავარ პროკურორად შალვა თადუმაძე აირჩიეს