კოჯორში იუნკერთა მემორიალის რეაბილიტაცია დასრულდა

მთაწმინდის რაიონის გამგეობამ კოჯორში იუნკერთა მემორიალის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა.

სამუშაოების შედეგად, მემორიალის მიმდებარედ სრულად მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა – დაიდგა საპარკე სკამები და ურნები, დამონტაჟდა განათებისა და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოები და ტერიტორია შემოისაზღვრა დამცავი ბარიერებით.

დასრულებულ სამუშაოებს მთაწმინდის რაიონის გამგებელი, დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის არჩეული კანდინატი, ზურაბ აბაშიძე გაეცნენ.

„მემორიალის რეაბილიტაცია ნამდვილად ისტორიული მნიშვნელობისაა. იუნკერებმა სიცოცხლე გაწირეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის. ვფიქრობ, თითოეული ჩვენგანის ვალია, ყოველთვის გავიხსენოთ ჩვენი გმირები, ყოველწლიურად მოვიდეთ მემორიალთან და პატივი მივაგოთ მათ “, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.

სამუშაოების განხორციელებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 191 882 ლარი გამოიყო.

1921 წლის თებერვალში, რუსეთის წითელ არმიასთან უთანასწორო ბრძოლას, იუნკერთა დიდი ნაწილი ემსხვერპლა. ბრძოლების ძირითადი ნაწილი კოჯრისა და ტაბახმელას მიდამოებში გაიმართა. სწორედ მათი ხსოვნის პატივსაცემად, დავით ციციშვილის თაოსნობით აიგო იუნკერთა მემორიალი.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი: ჩემი სრული მხარდაჭერა მთელს პოლიციას…ვისაც სურს პარტიული მოღვაწეობა, მაშინ უნდა გაიხადოს მუნდირი და წავიდეს ამა თუ იმ პარტიაში, ეს არის ჩემი პოზიცია
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მინდა, თითოეულ ზუგდიდელს კითხვა დავუსვა, რა მოტივაცია აქვს ამ კაცს