კობიაშვილი კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე: ცხადია იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა დაშვებული, ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა TV იმედთან ისაუბრა ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან დაშვებულ შეცდომაზე, რომლის გამოც, საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია 2024 წლის მარტში დაგეგმილ ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას.

კობიაშვილმა თქვა, რომ ეს იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული.

„ცხადია, იყო ძალიან დიდი და უხეში შეცდომა დაშვებული, რაც სამწუხარო ფაქტია და რაც არ უნდა ხდებოდეს, ლოგიკურია და თითოეული ჩვენგანი, თითოეული ჩვენი გუნდის წევრი, ვწუხვართ ამაზე. ხვიჩა განსაკუთრებული ფეხბურთელია და მისი არყოფნა, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია ჩვენი გუნდისთვის, ისევე როგორც ნებისმიერი ჩვენი გუნდის წევრის დანაკლისი. ნებისმიერი მოთამაშე ჩვენს გუნდში არის მნიშვნელოვანი ფიგურა, მნიშვნელოვანი მოთამაშე და შესაბამისად, თითოეული მათგანის დანაკლისი ჩვენთვის მძიმეა.

თუმცა, გეთანხმებით, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, აბსოლუტურად ცუდი ფაქტი არის, სამწუხაროდ, რომელიც ადამიანური შეცდომით იყო გამოწვეული, თუმცა, ამას ვეღარ ვუშველით, ფაქტია, მოცემულობა გვაქვს ეს, რაც არის“, – თქვა ლევან კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსანდრე იაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ პასუხისმგებლობას იღებს, თუმცა თანამდებობას არ დატოვებს, კითხვაზე თუ რაში გამოიხატება მისი ან სხვა პირის პასუხისმგებლობა, რომელმაც ეს შეცდომა დაუშვა, კობიაშვილმა კვლავ გაამახვილა ყურადღება იმაზე, რომ ფეხბურთის ფედერაცია არის ერთიანი და ერთიანობით მოვიდა აქამდე. ასევე გაიმეორა, რომ კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია არის ადამიანური შეცდომა და ამას არანაირი ახსნა არ აქვს.

2015 წელს მის მიერვე გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით კითხვაზე, რომელშიც მწვავედ აკრიტიკებდა ფეხბურთის ფედერაციას, მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამო, კობიაშვილმა კვლავ ირიბად უპასუხა, რომ ეს განცხადება იყო „ზოგადი ხედვა, ზოგადი მესიჯი და იმ პრობლემაზე საუბარი, რაც უშუალოდ ფეხბურთის მიმართულებით ხდებოდა“ 2015 წელს. მისი მტკიცებით, მას მერე ბევრი რამ გაკეთდა ქვეყანაში ფეხბურთის განვითარების მიმართულებით და ამ ერთიანობის წყალობით არის, რომ 2024 წლის 21 მარტს ასეთ მნიშვნელოვან მატჩს ჩაატარებს საქართველოს ნაკრები.

„იმ დროს იყო კონკრეტული პრობლემები, რომლებზეც მე ვსაუბრობდი და აბსოლუტურად სწორი წუხილები მქონდა. არა მარტო მე მქონდა, უამრავ ადამიანს ქვეყანაში… ყველას ვურჩევ და ვთხოვ, გადახედოს რა იყო იმ დროს, სად ვიყავით და სად ვართ დღეს. განსხვავება ძალიან დიდია, რადიკალურად დიდია“, – თქვა კობიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მარტში დაგეგმილ ერთა ლიგის პლეიოფის ნახევარფინალურ მატჩში საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ვერ ითამაშებს. მიზეზი ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურში მიღებული 3 ყვითელი ბარათია.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინი უკრაინაში ომზე – უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევაჩეროთ ეს ტრაგედია
შემდეგი სტატიაზურაბიშვილი სტატუსზე: რომ არა 8 მარტის გამოსვლები, ალბათ, არ იქნებოდა ეს გადაწყვეტილება