კობაურის ადვოკატები ნაფიც მსაჯულებს ითხოვენ

სმიტების ოჯახის მკვლელობასა და გაუპატიურებაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის ადვოკატები მოითხოვენ, რომ მალხაზ კობაურის საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.

ადვოკატმა ლექსო კობაიძის განცხადებით, წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას დააყენებს. მისივე თქმით, პროკურატურამ ბრალდებულს ბრალი ისე დაუმძიმა, რომ არ წარუდგენია ახალი მტკიცებულებები.

“პროკურატურამ შეცვალა დანაშაულის ჩადენის მოტივი. თუ აქამდე ბრალდება საუბრობდა, რომ გაბრაზების ნიადაგზე მოხდა მკვლელობა, ამჟამად ამტკიცებენ, რომ დანაშაულის ჩადენის მოტივი ქალის მიმართ სექსუალური ლტოლვა გახდა,” – აღნიშნა ლექსო კობაიძემ.

ადვოკატ ვასილ მამულაშვილის ინფორმაციით კი, დაცვის მხარემ მტკიცებულებების მოკვლევა დაასრულა და გამოიკვეთა, რომ ბრალდების მხარის განცხადება, თითქოს „გარდაცვლილის გვამი ბრალდებულმა ზურგით ატარა ან მდინარის საშუალებით გადაადგილა“, გამოირიცხება.

“ჩვენ ჩავატარეთ ექსპერიმენტი. მდინარემ უფრო ნაკლები სიმძიმის ტვირთი მხოლოდ რამდენიმე მეტრზე გადააადგილა, არათუ კილომეტრებზე, რაც ბრალის ფორმულირებაშია. ამასთან, შეუძლებელი აღმოჩნდა ზურგით გარდაცვლილი მამაკაცის სიმძიმის ტვირთის გადაადგილებაც დიდ მანძილზე. ჩვენ ეს ყველაფერი მტკიცებულებად გვაქვს საქმეში,” – განაცხადა ვასილ მამულაშვილმა.

19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის წინასასამართლო სხდომა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ნოემბერს, 13:00 საათზეა ჩანიშნული.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: ლუგარის ლაბორატორიის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელება რუსული პროპაგანდის ნაწილია
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ბანკების ხელმძღვანელებს ხვდება