თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ნიკო მანაგაძის ცემასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ – ახალგაზრდები მომხდარს გმობენ და შემთხვევის უკან “ქართული ოცნების” ზონდერებს ხედავენ.
შვილების თაობა აცხადებს, რომ სისხლიანი ანგარიშსწორების მოწყობა რუსული კანონის მოწინააღმდეგე სტუდენტების დაშინების მცდელობაა.
ახალგაზრდები ლექტორებსა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანს მიმართავენ და მოუწოდებენ, რომ სტუდენტებს სრული მხარდაჭერა აღუთქვან.
“ვერ შეგვაშინებთ, ხვალ, დილის 9 საათზე ისევ თსუ-ს მეორე კორპუსთან შევიკრიბებით და ერთად დავხვდებით კობახიძეს” – ამბობენ სტუდენტები და იქვე დასძენენ, რომ მიუხედავად განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებისა, ახალგაზრდები არ დანებდებიან.
კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს ნიკო მანაგაძის დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია – ვერ შეგვაშინებთ, კიდევ უფრო მეტი მოვალთ ხვალ. მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, რომლებსაც რეჟიმი პროდასავლური არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილის 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას. მოგიწოდებთ ყველას, დადექით ჩვენ გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან, ერთად დავხვდეთ კობახიძეს”, – ამბობენ სტუდენტები.
ნიკო მანაგაძეს 4-მდე ადამიანი სასტიკად გაუსწორდა. სასტიკი ანგარიშსწორება თსუ-ს პირველ კორპუსთან მოხდა.
“პოლიციამ გვერდზე ჩაგვიარა” – რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქტივისტზე თავდასხმის შემსწრეები ყვებიან, რომ რამდენიმე ადამიანი დაესხა თავს ახალგაზრდას.