თეოლოგი ბექა მინდიაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმიანება (“ბერლინში შარშან ყველაზე ხშირად დარქმეული სახელი იყო მუჰამედი”) და წერს, რომ ფორმითა და გამოხატვით ეს ნაცისტური განცხადებაა:
“კობახიძემ უკიდურესად მძიმე რამ თქვა: თურმე ის, რომ ბერლინში ბავშვს მუჰამედს დაარქმევენ, გერმანიას იდენტობას აკარგვინებს.
ეს ნათქვამი, განსაკუთრებით, გერმანულ კონტექსტში, საკითხისადმი, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ნაცისტური მიდგომაა და შეგვიძლია წავიკითხოთ შემდეგნაირად: 5 მილიონამდე მუსლიმი, რომელიც 85 მილიონიან გერმანიაში ცხოვრობს, თურმე იდენტობას აკარგვინებს გერმანიას.
რამეს ხომ არ გახსენებთ? კი, იგივეს ქადაგებდა, დიახ, იოზეფ გებელსი, ის ქადაგებდა “არაგერმანული” მინარევებისგან გერმანული კულტურისა და თვითშეგნების გაწმენდას
სინამდვილეში, ზუსტად საპირისპიროდ, ნაცისტურმა იდეოლოგიამ, ეთნიკური დევნის, რასობრივი გამორიცხვისა და რასობრივი სიწმინდის პოლიტიკამ გასული საუკუნის პირველ ნახევარში გერმანიას დააკარგვინა პატივისცემაც, იდენტობაც, ათეულმილიონობით ადამიანიც და ერთიანი სახელმწიფოც.
საქართველოში საუკუნეებია ცხოვრობენ ქართველი ებრაელები, უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამბობს, რომ ქართველი აზარბაიჯაელია, ქართველი სომეხია, წლები მოვანდომეთ ამ გზაზე დადგომას, იმას, რომ გაგვეთავისა: ეროვნულობა არა რელიგიური, არა ეთნიური, არამედ მოქალაქობრივი თვითშეგნებითა და პასუხისმგებლობით განისაზღვრება, ზუსტად ისე, როგორც ეროვნულობას საზღვარვდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა ფშაველა, ყველა დიდებული ქართველი, როგორც ეროვნულობას განსაზღვრავს კონსტიტუცია სამოქალაქო თვითშეგნების მიხედვით.
ამავდროულად, წარმოიდგინეთ კობახიძის ფარისევლობის ხარისხი: ის რიხით აპტროტესტებს ეთნიური რუსების მიმართ საქართველოში გამოვლენილი ქსენოფობიის ერთეულ შემთხვევებს, ხოლო ამის საპირისპიროდ, როცა ევროპაზე მიდგა საქმე, პირდაპირ ნაცისტურ განცხადებას ავრცელებს.
თუმცა, რა უნდა ელაპარაკო ძალას, რომელიც ოპოზიციურად განწყობილ ახალგაზრდებს “ზედმეტად” მიიჩნევს და ქვეყიდან წასვლისკენ უბიძგეს, ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს ართმევს.
ესენი, ეტყობა, რაღაც ფაშისტურ დიქტატურას ქმნიან, რომელიც, ცოტა ხანში, თუ გავჩუმდებით ყველას მიწვდება ყელში: არამარტო განსხვავებული შეხუდულებების ადამიანებს, არამედ განსხვავებულ ეთნოსებს, განსხვავებული რელიგიების წარმომადგენლებს”, – წერს ბექა მინდიაშვილი.
















