პარლამენტში პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მოსმენისთვის მედიის წარმომადგენლების დაშვებაზე შეზღუდვები იმოქმედებს. კერძოდ, ამჯერადაც საკანონმდებლო ორგანოში სამუშაოდ ონლაინმედიის ჟურნალისტებს არ შეუშვებენ.
ირაკლი კობახიძე 28 ივნისს წლიურ ანგარიშს წარადგენს.
“საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 28 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც ონლაინმედიებისთვის მსგავსი შეზღუდვა მოქმედებს. რუსული კანონის განხილვისას, რომელიც უშუალოდ ეხებათ ონლაინმედიებს, რადგანაც მათი შემოსავლის დიდი ნაწილი გრანტებს წარმოადგენს, პარლამენტის თავმჯდომარემ მათ პარლამენტში შესვლა აუკრძალა.