“ფარისევლობა და თაღლითობა” – ასე აფასებს “ევროოპტიმისტების” წევრი, ხატია დეკანოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის “უკრაინის აღდგენის” კონფერენციაში მონაწილეობას.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი “ქართულ ოცნებას” ძალადობრივ ხელისუფლებას უწოდებს და პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, ივანიშვილის გუნდს სანქციები ემუქრება.
კობახიძის ვიზიტი იყო ფარისევლობა და თაღლითობა. ახლა რა გამოვიდა, რომ წავიდა რეაბილიტაციის კონფერენციაზე, რაც ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაა, რომ ვითომ იზოლაციაში არ არიან. ამ დროს ძალიან მკაცრად განუმარტეს, იქაც უთხრეს, საჯაროდაც უთხრეს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ძალადობრივ ხელისუფლებას ემუქრება ძალიან მკაცრი სანქციები. სხვადასხვა შეიძლება იყოს. ეს არის სანქციები, ეროვნული სანქციები, ევროინტეგრაციის შეჩერება იმ ათვლის წერტილიდან, სადაც ახლა ვართ და პრაქტიკულად, წინსვლა არ იქნება “ოცნების” პირობებში და ეს ისედაც ვიცით, ამიტომ ზოგადად, ნებისმიერ შემთხვევაში შედეგი იქნება ძალიან მძიმე”, – ამბობს დეკანოიძე.
გერმანიის კანცლერი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ევროკომისიის პრეზიდენტი – მსოფლიო ლიდერებმა უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს.
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი, ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ორდღიან კონფერენციას დაესწრნენ, რომელიც ბერლინში, 11-12 ივნისს გაიმართა.
“უკრაინის აღდგენის კონფერენციაზე” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მსოფლიო ლიდერებს მრგვალი მაგიდის ფორმატში სიტყვით მიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციის, რეფორმებისა და მოდერნიზაციისთვის საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზება იყო.