21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

“კობახიძემ შექმნა 20 ივნისის პროცესები და ბაქოში გაიქცა, გახარია კი ინსტიტუტებს იცავდა”- პარტია “საქართველოსთვის”

გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ „გავრილოვის ღამიდან“ 7 წლისთავზე საგანგებო განცხადებას აკეთებს და დღევანდელ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას გამორიცხავს. პარტიის წარმომადგენელთა განმარტებით, 2019 წლის კრიზისის მთავარი ორგანიზატორი ირაკლი კობახიძეა, რომელმაც რუს დეპუტატს საკუთარი სავარძელი დაუთმო, სიტუაციის დაძაბვის შემდეგ კი ბაქოში გადამალვა არჩია. გახარიას გუნდში ხაზს უსვამენ, რომ მაშინდელი შსს სახელმწიფო ინსტიტუტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივი შტურმისგან იცავდა, თავად გიორგი გახარიას კი რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია.

“დღეს 20 ივნისია, 7 წელი მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ გავრილოვს უმასპინძლა საქართველოში და საკუთარი სავარძელი დაუთმო და შემდეგ, როცა უპასუხისმგებლო, მშიშარა კობახიძის გამო ქვეყანაში და რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაიძაბა, რასაც ძალიან ობიექტური და ჭეშმარიტი პროტესტი მოჰყვა, ადამიანების სამოქალაქო პროტესტი, კობახიძე გაიქცა ბაქოში და ბაქოში იმალებოდა. ეს ძალიან კარგად იცის ყველამ. ირაკლი კობახიძეს აქვს სტატუსი, რომელიც არის 20 ივნისის ორგანიზატორი. ადამიანმა შექმნა ის პროცესები, რომელიც შეიქმნა 20 ივნისს.

ხოლო, ჩვენ, 20 ივნისის აქცის ვუერთდებით თუ არა დღეს, რა თქმა უნდა, არ ვუერთდებით, იმიტომ, რომ მიუხედავად ირაკლი კობახიძის უპასუხისმგებლო საქციელისა, ამ მშიშარა ადამიანისა, რაც მოაწყო 20 ივნისს, გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი შსს-ში მაშინ იცავდა პარლამენტს და სახელმწიფო ინსტიტუტს. ეს ღამე, რომელიც გადაიქცა “ნაციონალური მოძრაობის” ტურის ღამედ, აი, ეს ფაქტია და ამას ვერავინ გაექცევა. 

რაც შეეხება რეზინის ტყვიებს, 161 პარაგრაფში ნათლად წერია, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გაცემის ბრძანება არ გაუცია, – ამბობენ გახარიას გუნდში. 

“გავრილოვის” ღამიდან შვიდი წლის თავზე თბილისში ისევ პროტესტისთვის ემზადებიან.

ორგანიზატორების ინფორმაციით, მოქალაქეები საღამოს 19:00 საათიდან რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენები ქვეყნის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თარიღად დარჩა. სწორედ ამ დღეს ანტისაოკუპაციო აქცია სპეციალური დანიშნულების რაზმმა დაშალა, რის შედეგადაც ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის მოქალაქეებმა თვალის დაზიანებები მიიღეს.

20 ივნისის მოვლენების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე, ელენე ხოშტარია, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო პერიოდში არაერთი განცხადება გავრცელდა.

 

banner
წინა სტატიაში“რუსიფიკაციის წინააღმდეგ ყველაზე დიდი განაცხადი 20 ივნისი იყო – დღევანდელი მარში კიდევ უფრო ხალხმრავალი უნდა იყოს”- თინა ბოკუჩავა
შემდეგი სტატიაგიორგი სიორიძე: დღევანდელ მარშზე უნდა ვაჩვენოთ “ოცნებას”, რომ წინააღმდეგობა არსად წასულა