კობახიძემ ბრიყვული განცხადება გააკეთა, სწორედ მთავრობამ უნდა წარმართოს ევროინტეგრაციის პროცესი, პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს – სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, სადაც კობახიძე ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის გეგმასა და ოპოზიციის საბოტაჟზე საუბრობს.

კერძოდ, საუბარია განცხადებაზე, სადაც კობახიძე ამბობს: „ჩვენი მხრიდან წარმოდგენილია გეგმა, ობიექტურად არავითარი საბაბიც კი არ რჩება საბოტაჟისთვის, თუმცა აქაც ახერხებენ პროცესისა და ევროინტეგრაციის საბოტაჟს. ევროკავშირისთვის მთავარია პუნქტების აღსრულება. რა ფორმით მოხდება, ალბათ ეს უნდა იყოს მეორეხარისხოვანი. პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ოპოზიციაზე. მათი პასუხისმგებლობაა, ჩაერთვებიან თუ არა პროცესში“.

სალომე სამადაშვილის თქმით, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიყვული განცხადება გააკეთა.

„ირაკლი კობახიძემ ბრიყვული განცხადება გააკეთა, რადგან ევროინტეგრაციის პროცესი უნდა წარმართოს სწორედ მთავრობამ, ამიტომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს, რომელსაც სრული კონტროლი აქვს ყველა ინტიტუციაზე, მათ შორის პარლამენტში უმრავლესობა, რომ განახორციელოს ყველა ნაბიჯი, რაც არის საჭირო ევროკავშირის მოთხოვნების იმპლემენტაციისთვის. ოპოზიციას რომც უნდოდეს, საბოტაჟს ვერ გაუწევს ამ პროცესს. ამიტომ, მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ბრიყვული განცხადება გააკეთა“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ჟურნალისტებთან საუბრისას სამადაშვილმა ასევე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც პაპუაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.

სალომე სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ პანიკურად ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება.

„პაპუაშვილის განცხადება, თურმე ხელისუფლების წინააღმდეგ წასვლა ქართველი ხალხის წინააღმდეგ წასვლაა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ „ქართული ოცნება“ პანიკურად ცდილობს, ნებისმიერ ფასად შეინარჩუნოს ქვეყანაში ძალაუფლება და ამ დღის წესრიგს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაუკრაინაში აღმოაჩინეს სექს-ტრეფიკინგის ქსელი, რომელიც ლტოლვილ ქალებზე “ნადირობს” და მოტყუებით თურქეთში გზავნის