კობახიძე ზურაბიშვილს- რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია, რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, „სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს“.

„რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ამასთან, აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების ნებისმიერი ასეთი განცხადება უპასუხოდ უნდა დავტოვოთ. სალომე ზურაბიშვილის ამ განცხადებაზე რაიმე კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ მიგვაჩნია;

ორიოდე კვირის წინ, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ ერთმანეთისგან ვერ გაარჩია სანქციები და სანქციებისთვის გვერდის არავლის მექანიზმები. ის, რაზეც მაშინ ოპოზიციას სამართლიანად დასცინეს, ახლა სალომე ზურაბიშვილმა გაიმეორა;

საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის თემა მოგონილია. როგორც მან განაცხადა, ვციტირებ, „მეორე ფრონტის რისკი, საფრთხე არ არსებობს“. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სალომე ზურაბიშვილს შევახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო თბილისიდან 40 კილომეტრში, არა ნატო-ს, არამედ რუსეთის ჯარი დგას. რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა და უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი გაგვეშვა, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა. ვინ ითხოვდა ამ ნაბიჯების გადადგმას, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, კარგად მოიკითხოს. აღარაფერს ვამბობთ რადიკალური ოპოზიციის, მისი კუთვნილი ტელევიზიების, ენჯეოებისა და ცალკეული უცხოელი პარტნიორების რიტორიკაზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ამ აზრის მომწიფებას ისახავდა მიზნად. სალომე ზურაბიშვილს გვინდა ვუთხრათ, ვინმეს თუ უნდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა, ამას მას არავინ ეტყვის, რადგან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მეორე ფრონტის გახსნის არავითარი ბერკეტი არ აქვს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.​

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი სამწუხაროდ, პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიაკობახიძე: რატომ იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსს სალომე ზურაბიშვილი გაუგებარია