კობახიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: გვინდა დავიწყოთ მადლობით, მადლობა პოლიციას, შს მინისტრს

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 17:21

კობახიძე ზუგდიდის სპეცოპერაციაზე: გვინდა დავიწყოთ მადლობით, მადლობა პოლიციას, შს მინისტრს

“გვინდა დავიწყოთ მადლობით, მადლობით გმირი პოლიციელების მიმართ, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყვეს 43 ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლის დაცვა” – ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის თავდასხმასთან დაკავშირებით განაცხადა. მან მადლობა გადაუხადა სამხარეო პოლიციის უფროსს, ავთანდილ გალდავას, სამართალდამცავი სტრუქტურების თითოეულ წარმომადგენელს და შინაგან საქმეთა მინისტრს.

“ვახტანგ გომელაურს, რომელმაც სპეცოპერაციის დაგეგმვითა და ჩატარებით უზრუნველყო 43-ივე მძევლის ეტაპობრივი განთავისუფლება.გუშინ კიდევ ერთხელ გამოჩნდა ქართული ოცნების ხელისუფლების ხელწერა, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება და პრიორიტეტი ადამიანია.სპეცოპერაციის მთავარი მიზანი – 43-ივე მძევლის უვნებლად განთავისუფლება შესრულებულია. ახლა მთავარია, სპეცოპერაცია წარმატებით იქნეს ბოლომდე მიყვანილი. დარწმუნებული ვართ, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობით, ოპერაცია წარმატებით დასრულდება” – განაცხადა კობახიძემ.

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა დღესაც “უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და მათი მედიასაშუალებების არაჯანსაღ საქციელზე” ილაპარაკა.

“ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ადგილების პირდაპირ ეთერში გადაცემა და ასე შემდეგ, პოლიტიკური თუ ჟურნალისტური ეთიკისა და მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება.

გუშინაც, სხვა მსგავსი შემთხვევების ანალოგიურად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები და მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგნენ ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები. არანაკლებ შემაშფოთებელია ამ ადამიანების დღევანდელი გაწბილებული კომენტარები 43-ივე მძევლის უვნებლად გათავისუფლებასთან დაკავშირებით.

ამ ყველაფერს 31 ოქტომბერს საზოგადოების მხრიდან საკადრისი პასუხი გაეცემა” – განაცხადა კობახიძემ.

region
ავტ.: region ოქტომბერი 22, 2020 17:21