საქართველოს წილი რუსეთის ვაჭრობაში, არის 0,3 პროცენტი და როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი რუსეთის მიერ სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადის დაძლევაში, ეს სინამდვილეს აცდენილია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რუსეთის ფედერაციას აქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან, მათ შორის არის უზარმაზარი ქვეყნები, ჩინეთი ინდოეთი, და უამრავი ქვეყანა.
„რაც შეეხება საქართველოს წილს რუსეთის ვაჭრობაში, ეს არის 0,3 პროცენტი. აქედან გამომდინარე, როცა ვიღაც ამბობს, რომ საქართველოს აქვს არსებითი წვლილი ამ ბლოკადის დაძლევაში, ეს სინამდვილეს აცდენილია. ჩვენ ვინარჩუნებთ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ჩვენ არ ვაწესებთ სანქციების რუსეთის ფედერაციის მიმართ, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხარჯზე დაძლია რუსეთმა სავაჭრო-ეკონომიკური ბლოკადა, არასწორია. ჩვენ შევინარჩუნებთ მომავალშიც სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, ეს სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ეს სჭირდება ჩვენს მოსახლეობას და ამ კუთხით ჩვენი პოლიტიკა არც ერთ შემთხვევაში არ გადაიხედება“, – განაცხადა კობახიძემ.