30.7 C
Tbilisi
პარასკევი, ივლისი 17, 2026
banner

კობახიძე უზბეკეთის პრეზიდენტს: საქართველო აფასებს პარტნიორობას უზბეკეთთან, რომელსაც არამხოლოდ სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორად, არამედ მეგობრად მივიჩნევთ

ერთობლივი დეკლარაცია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ჩვენს ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს, ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევთან გამართული გაფართოებული მოლაპარაკებების დროს განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა უზბეკეთის მხარეს საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.

„მადლობას გიხდით საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის. სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა პირადად თქვენი მხარდაჭერის შედეგია. ერთობლივი დეკლარაცია არის ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მეგობრობის დასტური და მყარ საფუძველს უქმნის ორმხრივი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის მდგრად განვითარებას პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, სამეცნიერო, ტექნიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და სხვა მიმართულებებით. ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერება კიდევ უფრო გაზრდის რეგიონულ სავაჭრო ნაკადებს, ხელს შეუწყობს სატრანსპორტო დერეფნების გამყარებას და ფართო ეკონომიკურ ინტეგრაციას.

გულწრფელ მადლობას გიხდით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

ძალიან შთამბეჭდავია ის წინსვლა და პროგრესი, რასაც უზბეკეთმა თქვენი ლიდერობით მიაღწია. თქვენ გაქვთ ძლიერი ინსტიტუტები, სახელმწიფო სისტემა და ნათელი ხედვა ქვეყნის განვითარების მიმართულებით.

თქვენ სამაგალითო ლიდერი ბრძანდებით და დარწმუნებული ვართ, თქვენი ხელმძღვანელობის პირობებში ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა და მეგობრობა კიდევ უფრო გაძლიერდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“: მტრების ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე რეაგირება ისეთი მკაცრი იქნება, როგორც არასდროს
შემდეგი სტატიასამეგრელოში ახალი დაცული ტერიტორია შეიქმნა – 2027 წლიდან ეგრისის ეროვნული პარკი ამოქმედდება