კობახიძე: უნივერსიტეტი პოლიტიკური აქტივობის ადგილი არ არის, ამის საშუალებას არავის მივცემთ

თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები, რომლებიც პოზიციებზე გამწესებული არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით, თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი, ამის საშუალებას არ მივცემთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. მისივე განცხადებით, თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.

„პოლიტიკის შეტანა უნივერსიტეტში კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ეს პრაქტიკა 2012 წლიდან. 2012 წლამდე პირდაპირ შედიოდა პოლიტიკა უნივერსიტეტებში. მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირდაპირ კონკურსები ტარდებოდა პოლიტიკური ნიშნით. თსუ-ში არიან სრული პროფესორის სტატუსის მქონე ადამიანები, ასოცირებული პროფესორები და ასე შემდეგ, რომლებიც არიან მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გამწესებული საკუთარ პოზიციებზე. თსუ-ში მაგალითად არის ადამიანი, რომელიც ასწავლის კონკრეტულ საგანს, რომელიც თავად მან არ იცის. რატომ, რადგან თავის დროზე არის „ნაცმოძრაობის“ კვოტით დანიშნული.

მე პირადად 2010 წელს მომიწია თსუ-ს დატოვება, რადგან გავაკრიტიკე მაშინ საკონსტიტუციო ცვლილებები და მიიღეს კონკურსზე პოლიტიკური გადაწყვეტილება ჩემი თსუ-დან გაძევების თაობაზე. დღეს იგივე ხალხი, იგივე „ნაცები“, თავისი „გირჩელებით“ და ასე შემდეგ, ცდილობს პოლიტიკა დააბრუნოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ბუნებრივია, ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. თსუ არ არის პოლიტიკური აქტივობების ადგილი. თსუ-ში უნდა გაგრძელდეს სასწავლო პროცესი ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – თითოეულმა ადამიანმა, რომელმაც იცოდა, რომ სააკაშვილი სიმულირებდა და მაინც ითხოვდა მის გათავისუფლებას, უნდა მოუხადოს ბოდიში ქართულ საზოგადოებას
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე – მთელი რადიკალური ოპოზიცია არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“