“ძლიერი საქართველო – ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა ბრიფინგზე ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ კრიზისსა და ფასების მატებაზე ისაუბრა. ოპოზიციონერი ლიდერის განცხადებით, საქსტატის მაისის თვის მონაცემები ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დაპირებები ფასების კონტროლთან დაკავშირებით „მტკნარი სიცრუეა“.
დათუნაშვილის თქმით, წლიურმა ინფლაციამ 5.7%-ს მიაღწია. მან საქსტატზე დაყრდნობით კონკრეტული პროდუქტების გაძვირების საგანგაშო სტატისტიკა წარმოადგინა:
დიზელის საწვავი — გაძვირდა 48%-ით;
ბენზინი — გაძვირდა 26.34%-ით;
თევზეული — გაძვირდა 20.9%-ით;
ხორცი — გაძვირდა 10.1%-ით;
პური და პურ-პროდუქტები — გაძვირდა 7%-ით;
ხილი — გაძვირდა 6.5%-ით;
ზეთი — გაძვირდა 6.1%-ით.
„კობახიძის გაუთავებელი ტყუილები იმის შესახებ, რომ ფასების ზრდას მოევლებოდა, იყო საქართველოს მოქალაქეების დაცინვა! ამ სავალალო ვითარებაზე პასუხისმგებელი არის პრემიერი, მან საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს და გადადგეს“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
















