საქართველოს პრემიერ მინისტრი ვენეციის კომისიის წინააღმდეგ – ირაკლი კობახიძემ ევროპის საბჭოს საკონსულტაციო ორგანოს ექსპერტებს “პროფესიული ღირსება” დაუწუნა.
როგორც “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში მთავრობის მეთაურმა განაცხადა, “უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ”.
თუ კობახიძეს დავუჯერებთ, დოკუმენტი სავსეა “აბსურდული ჩაბაწეით და ტყუილებით”.
“წავიკითხე დოკუმენტი, რომელიც გამოიგზავნა და როგორც იურისტმა შემიძლია ვთქვა, რომ ვენეციის კომისიას საერთოდ უარი აქვს ნათქვამი პროფესიულ ღირსებაზე. უხერხულობას ვგრძნობდი, როცა ამ დოკუმენტს ვკითხულობდი. იმდენად უსუსური იყო ის სახე, რომელიც აჩვენა ვენეციის კომისიამ ამ დოკუმენტის სახით. სათქმელი არაფერი აქვთ და უბრალოდ დოკუმენტი სავსეა აბსურდული ჩანაწერებით, მათ შორის ტყუილებით. უამრავი სიცრუე გვხვდება ვენეციის კომისიის ჩანაწერებში. ამ სიცრუესთან ერთად არის აბსურდული სამართლებრივი მსჯელობა ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე.
საზოგადოება საბოლოო ჯამში უყურებს არა რა თქვა ვენეციის კომისიამ, არამედ სად არის სიმართლე”- თქვა კობახიძემ.
ვენეციის კომისიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე გადაუდებელი დასკვნა რამდენიმე საათის წინ გამოაქვეყნა.
დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვენეციის კომისია “მტკიცედ ურჩევს” ხელისუფლებას, გააუქმოს “აგენტების კანონი” არსებული ფორმით, რადგან მისი “ფუნდამენტური ხარვეზები გამოიწვევს მნიშვნელოვან უარყოფით შედეგებს გამოხატვის თავისუფლების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების, საზოგადოებრივ საქმეებში მონაწილეობის უფლების, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის კუთხით”.