მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრა დასრულდა. ირაკლი კობახიძე და იენს სტოლტენბერგი ერთობლივ განცხადებებს აკეთებენ.
კობახიძემ ნატოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური კურისის მხარდაჭერისთვის:
“ნატოს გენერალური მდივნის თანამდებობაზე თქვენი ათწლიანი მოღვაწეობა დაემთხვა უპრეცედენტო გამოწვევებს და სირთულეებს, თუმცა თქვენი ლიდერობით მრავალი გამოწვევა გადაილახა და ნატო კვლავაც რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარ გარანტად. მე მოხარული ვარ, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები და ჩვენი ინტეგრაციის პროცესი, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გამოვხატო ნატოს და პირადად გენერალური მდივნის მიმართ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ასევე ძალიან ვაფასებთ გენერალური მდივნის დროულ და სამართლიან განცხადებებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველო ალიანსის ერთ ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია, წლების მანძილზე ჩვენი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობდა ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში, რითაც მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. თავის მხრივ, ნატო მნიშვნელოვან როლს ასრულებდა და ასრულებს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. დღეს ევროპაში რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ფუნდამენტურ ცვლილებს განიცდის. მთლიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის იდეა რის საფრთხის ქვეშ. ამ რთულ ვითარებაში აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოებამ გამოავლინოს ერთსულოვნება და მტკიცე ერთგულება საერთაშორისო სამართლის პრინციპების მიმართ” განაცხადა ირაკლი კობახიძემ ერთობლივ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი თბილისში დღეს ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრა პრემიერ კობახიძესთან. სტოლტენბერგი 16 საათზე შეხვდება პრეზიდენტ ზურაბიშვილს.