კობახიძე: საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან

საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების მიღწევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, როდესაც საუბარი 48 მილიონის მოპარვასა ან პარლამენტში შეჭრასა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლაზეა, ასეთ საქმეებს კონკრეტული სახელმწიფო ორგანოები განიხილავენ და ხელისუფლება შესაბამის უწყებებზე პოლიტიკურ ზეგავლენას ვერ განახორციელებს.

„არის კონკრეტული ორგანოები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული უფლებამოსილებები. ჩვენ განცხადების დონეზეც არ შეგვიძლია საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ამ საკითხებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს იქნება პოლიტიკური ზეგავლენა აპოლიტიკურ ორგანოებზე“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, თემასთან დაკავშირებით ჩანაწერი შეთანხმებაში ძალიან ზოგადია.

„ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის. ბუნებრივია, იქ ვერანაირი სახელები და გვარები ვერ დაფიქსირდება, ვერანაირი დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება და ვერანაირი ინსტრუმენტები ვერ დაფიქსირდება, იმიტომ რომ ეს ინსტრუმენტები უკავშირდება ერთი მხრივ, სამართლებლივ ორგანოებს, მეორე მხრივ, საქართველოს პრეზიდენტს. ამიტომ, შეთანხმება არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად ზოგადი. ზოგადი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დავარღვევდით სამართლებლივი სახელმწიფოს პრინციპს. და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით და დიპლომატებმაც ძალიან კარგად იციან თუ რა არის სამართლებლივი სახელმწიფოს პრინციპის არსი“, – აღნიშნა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია ამირან გამყრელიძეს ბოდიშსს უხდის
შემდეგი სტატიაფასილიტატორი დიპლომატები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ