კობახიძე საკონსტიტუციოში, ვოლსკი პარლამენტის თავმჯდომარედ, მთავარი პროკურორი უზენაესში – დიდი ცვლილებები ხელისუფლებაში

ივანიშვილი ახალი და მასშტაბური საკადრო ცვლილებებისათვის ემზადება. ოლიგარქის კარზე შემუშავებული ცვლილებების გეგმის მიხედვით, საკადრო გადაადგილებებია საქართველოს პარლამენტში, მთავარ პროკურატურასა და უზენაეს სასამართლოში.

ივანიშვილი 2020-ის საპრლამენტო არჩევნებისათვის ემზადება და ფინანსური რესურსის მობილიზების პარალელურად, ხელისუფლების სამივე შტოს, მის მიმართ უკიდურესად ლოიალური კანდიდატებით აკომპლექტებს.

იუსტიციის საბჭოს მიერ გასაჯაროვებულ სიაში, უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატთა შორის ივანიშვილის პირადი იურისტი და მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძეა.

თადუმაძე ოლიგარქის დავალებების შემსრულებელია და მას, ივანიშვილის მიმართ მორჩილება არაერთხელ აქვს დამტკიცებული.

დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა გახდეს, ხოლო მის მოადგილედ პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი პროკურატურაში, მთავარი ზონდერ-პროკურორი, მამუკა ვასაძე უნდა დაინიშნოს.

თადუმაძის მსგავსად, ისიც უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატებს შორისაა.

უზენაეს სასამართლოში გადადის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ზაზა თავაძეც, რომელსაც ივანიშვილისადმი მონური დამოკიდებულება და რუსთავი 2-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილი უფასდება.

მას საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება ეწურება, ხოლო მეორე ვადით არჩევა კონსტიტუციით აკრძალულია.

სამაგიეროდ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ მოგვევლინება პარლამენტის სპიკერი, ივანიშვილის კიდევ ერთი კადრი და ხშირად სიძულვილის ენით მოსაუბრე, ირაკლი კობახიძე.

პარალელურად კი, პარლამენტის სპიკერის თანამდებობაზე განიხილებიან: გიორგი ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი და ზვიად ძიძიგური. თუმცა, ოლიგარქი უფრო ვოლსკისკენ იხრება, კომუნისტური პარტიის ფუნქციონერი ვოლსკი კი – კრემლისკენ.

კანდიდატებისა და ივანიშვილის მიერ ორგანიზებული ცვლილებების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას რომ უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლო სრულად გადადის ივანიშვილის ხელში.

ეს სხვა არაფერია, თუ არა, სასამართლო ხელისუფლების მიტაცება პირადი და მერკანტილური მიზნებისათვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით უვადოდ, ორგანული კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უზენაესი სასამართლოს წევრთაგან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით 10 წლის ვადით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ ერთი და იმავე პირის ხელმეორედ არჩევა დაუშვებელია.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო კი, თავისი შემადგენლობიდან 5 წლის ვადით ირჩევს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრს, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არჩეულად ჩაითვლება,თუ ფარული კენჭისყრის დროს წარდგენილ კანდიდატს მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5-მა წევრმა.

რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარეს, მას პარლამენტის წევრები ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ირჩევენ.

 

წყარო: პრესა.ge

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რკინიგზა ,,რუსთავი 2″-ს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიამოზარდების მკვლელობის საქმე – სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია