კობახიძე – საჭიროა, განისაზღვროს რაციონალური ხელფასები, მათ შორის თანამდებობის პირებისთვის

საჭიროა, რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ხოლმე ასეთ თემებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი.

„მოსალოდნელი იყო სპეკულაციები. ერთი რამე არის მთავარი, ზოგადად, რაციონალური ხელფასი უნდა არსებობდეს საჯარო სექტორში, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, რათა მოხდეს კორუფციის პრევენცია, მაქსიმალურად ნაკლები იყოს ცდუნება. ადამიანი არის მიდრეკილი ცდუნებისკენ. იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს შემცირებული კორუფციის რისკები, საჭიროა, რაციონალური ხელფასები იყოს განსაზღვრული, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირებისთვის. სპეკულაციები ყოველთვის არის ხოლმე ასეთ თემებზე. მთავარია, სახელმწიფომ დაადგინოს ის სტანდარტი, რომელიც არის ყველაზე სწორი, პირველ რიგში, კორუფციის პრევენციისთვის. გახსოვთ, მაგალითად, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, თავის დროზე, 2004 წელს, სწორედ კორუფციის პრევენციისთვის საკუთარ სახსრებს დებდა, რომ მეტ-ნაკლებად მაღალი ხელფასები ჰქონოდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებს და საჯარო მოხელეებს შესაბამის პოზიციებზე. ეს იყო სწორედ ანტიკორუფციულ ზომად ჩაფიქრებული, რამაც თავის დროზე ფუნქცია შეასრულა.

დღეს, როდესაც თუნდაც კერძო სექტორთან კონკურენტუნარიანი არ არის, რომელიც არის განსაზღვრული, მათ შორის პოლიტიკურ თანამდებობებზე, ამ ვითარებას სჭირდება გამოსწორება. სპეკულაციები მოსალოდნელი იყო, თუმცა ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ სპეკულაციების მიხედვით, ვიმოქმედებთ ისე, როგორც არის სწორი. ამაზე არსებობდა მსჯელობა. რეალურად, კერძო სექტორში ხელფასები იზრდება, მათ შორის ეკონომიკური ზრდის კვალად. საჯარო სექტორში ხელფასების ზრდამაც ხელი შეუწყო კერძო სექტორში ზრდას. მთავარი იქნება ეკონომიკური ზრდა. თუ იქნება ეკონომიკური ზრდა, კერძო სექტორშიც გაიზრდება ხელფასები. ეს არის მთავარი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტს ნდობის ჯგუფში ოპოზიციური კვოტით არსებულ ვაკანსიაზე თეონა აქუბარდიას კანდიდატურა წარედგინა
შემდეგი სტატიახუნდაძე – ქართველ ხალხს იმის დასაბუთება არ სჭირდება, რისგან იცავს ქვეყანას ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული ეს კანონი, მაგრამ, ხალხისგან განსხვავებით, ამის ახსნა სჭირდება ოპოზიციას