კობახიძე სააკაშვილზე – საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, საზღვრიდან ლამაზად მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი,- ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, გეგმავს თუ არა ხელისუფლება ძალის გამოყენებას მიხეილ სააკაშვილის დასაკავებლად იმ შემთხვევაში თუ ის საქართველოში ჩამოვა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს, „სიმხდალის გამო“ არაერთხელ გაუცრუებია საკუთარი ამომრჩევლისთვის იმედი და სავარაუდოდ, ვერც ახლა შეძლებს, თავისი დანაპირების შესრულებას საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ამასთანავე, კობახიძემ არასარწმუნოდ ჩათვალა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში, მას 40 ათასამდე მხარდამჭერი დაიცავს.

„ამას პირდება ის საკუთარ მხარდამჭერებს უკვე არაერთი წელია, თუმცა ყოველ ჯერზე გაუცრუა მან იმედები საკუთარ ამომრჩეველს. ვიცით, რომ მხდალია, მშიშარაა და აქედან გამომდინარე, ალბათ, გაუჭირდება ამ შემთხვევაშიც ამ ანონსის შესრულება, თუმცა ვნახოთ, თუ შემოვა, ამ შემთხვევაში მას მიეჩინება ის ადგილი, რომელიც უნდა მიეჩინოს.

ძალის გამოყენება არის ის, რაც სჭირდება სამართალდამცველ ორგანოს, რომ ნებისმიერი კრიმინალი დააკავოს. თუმცა არ დაგვჭირდება არავითარი ძალის გამოყენება, ლამაზად, საზღვიდან მოხვდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ძალიან ლამაზად გაკეთდება ეს ყველაფერი. რა 40 ათასი ადამიანი აპირებს მის დაცვას, 5 ათასი კაცი ვერ შეკრიბეს, აქციები როცა ჰქონდათ გამართული?!“- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაჭარაშვილი – როგორც ჩანს, ზოგს ნარკოტესტის ჩაბარება შეეშინდა
შემდეგი სტატიაკობახიძე აგენტ მერობის კანდიდატებზე – სუს-ი აკეთებს თავის საქმეს