კობახიძე: სააკაშვილს სანდრას დაჭერა უნდა

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის საკუთარი დანაშაულების თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე გადაბრალება.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილს მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელიც ეკუთვნის.

„მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არ მომისმენია, მაგრამ ინტერნეტში ამონარიდები ვნახე. ერთი, რაც გავიგეთ, არის ის, რომ სანდრას დაჭერა და საკუთარი თავის გათავისუფლება უნდა. ეს არის მთავარი ფაბულა მისი დღევანდელი გამოსვლის. რაც ვნახე ამონარიდებში, არის იმის გაგრძელება, რაც პირველ შემთხვევაში მოვისმინეთ. ეს არის სიცრუის წარმოუდგენელი ტირაჟირება და გადაბრალება საკუთარ თანაგუნდელებზე და ახლა უკვე ოჯახის წევრებზე იმ დანაშაულების, რომლებიც რეალურად მას აქვს ჩადენილი. მას მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი და შესაბამისი სასჯელი ეკუთვნის“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „სანდრას უამრავი ხარჯია, ბავშვებზე საჩუქრები, საწოლის ყიდვა ერთ-ერთი ბავშვისთვის, ბატუტიანი საწოლი არ გეგონოთ და უამრავი სხვა. სანდრას რატომ არ ასამართლებენ? ხარჯების დიდი ნაწილი არის სანდრასი. სიამოვნებით ვიჯდებოდი მასთან ერთად ერთ საბრალდებო სკამზე, რადგან ამ ხარჯების მეოთხედი, თუ მეხუთედი სანდრასია, ოღონდ, ვიდრე სანდრას ედავებით, გაიხსენეთ, რომ სანდრამ შემოიტანა ამ ქვეყანაში 100 მილიონი ევროს გრანტები სამედიცინო სფეროში“.

banner
წინა სტატიაშირა ტირანიაზეა საუბარი? – შალვა პაპუაშვილი აშშ-ის ელჩს
შემდეგი სტატიალაგოდეხში საცხოვრებელი სახლი დაიწვა