კობახიძე – სააკაშვილის ოცნებებს ასრულება არ უწერია, არავითარი ტექნიკური მთავრობა და რიგგარაშე არჩევნები არ იქნება, ბაკურიანის გეგმა ვერ განხორციელდება

ევროპული მანტია აქვთ მოსხმული, თუმცა სინამდვილეში, მარტივი დანამატი არიან იმ პარტიის, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია და ისინიც საქართველოში ხელს უწყობენ პოლარიზაციას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა იმ ევროპარლამენტარებთან დაკავშირებით, რომლებმაც გუშინ აქციის მონაწილეებს მიმართეს.

ამასთან, კობახიძის თქმით, რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირისპირდება ევროპას და პოლარიზაციის შემცირებაზე ევროკომისიის მოთხოვნას.

„კონკრეტული ადამიანები არიან, რომლებიც აფილირებული არიან პირდაპირ „ნაცმოძრაობასთან“ და ისინიც საქართველოში პოლარიზაციის ხელშემწყობი ადამიანები არიან, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან მათ ევროპული მანტია აქვთ მოსხმული, თუმცა სინამდვილეში, მარტივი დანამატი არიან იმ პარტიის, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ ჰქვია და ისინიც ჩვენს ქვეყანაში ხელს უწყობენ პოლარიზაციას. ყველამ ვიცით მათი გვარები, სახელები, მათი გვარები საზოგადოებამ ზეპირად დაიმახსოვრა. ევროკომისიის მთავარი მოთხოვნა პოლარიზაციის შემცირება იყო და ყველა ეს მესიჯი ემსახურება პოლარიზაციის გაღვივებას. რადიკალური ოპოზიცია პირდაპირ უპირსპირდება ევროპას და მის პირველივე მოთხოვნას, რომელიც დასკვნაშია ჩადებული. აქედან ჩანს, რომ მათ არ უნდათ ევროპა – ეს არის რეალობა, მათი რეალური შიგთავსი და შინაარსი. ყველა ეს იდეა – ხელისუფლების ცვლილება, რიგგარეშე არჩევნები, ტექნიკური მთავრობა და ა.შ. არის პოლარიზაციის რიტორიკის გაგრძელება, რითაც ისინი პირდაპირ უპირისპირდებიან ევროპას. მიხეილ სააკაშვილი ოცნებობს რაღაცებზე უკვე ამდენი წელია, ახლა ციხიდან ოცნებობს, მანამდე ციხის გარეთ ოცნებობდა. რა თქმა უნდა, მის ამ ოცნებებს ასრულება არ უწერია, არავითარი ტექნიკური მთავრობა და რიგგარაშე არჩევნები არ იქნება – ბაკურიანის გეგმას განხორციელება არ უწერია და ამაზე ვართ პასუხისმგებლები“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშისუბარი: თუ მართლა გვინდა გავერთიანდეთ ევროპაში, უნდა ვისწავლოთ კანონის, მიხედვით ცხოვრება, ვისწავლოთ თანამშრომლობა პოლიტიკურ ძალებს შორის და დაველოდოთ 2024 წლის არჩევნებს
შემდეგი სტატიამელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყო