კობახიძე – სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა და მას ამის გაკეთება ურისკოდ უნდოდა, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალებას ურისკოდ ვერავინ ცდის

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ხელისუფლების გადატრიალების მიზნით ჩამოვიდა და მას ამის გაკეთება ურისკოდ უნდოდა. ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალებას ურისკოდ ვერავინ ცდის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, როცა ადამიანი მხილებულია სასამართლო წესით უმძიმეს დანაშაულებში, სასჯელი თავიდან ბოლომდე უნდა მოიხადოს, რაც არის სათანადო პოზიცია, რომელიც სამართლებრივ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს.

„შეგახსენებთ, რომ საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა არა მხოლოდ ხელისუფლების გადატრიალებისთვის, არამედ იმისთვის, რომ დღეს, აქ გაჩაღებული ომი ყოფილიყო და ჩვენ ვმდგარიყავით არა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობაში, არამედ სადღაც გახიზნული და აქ სააკაშვილის გეგმებით რუსული ტანკებით მდგარიყვნენ. მას მარტივი ინტერესი აქვს, რაზეც დღეს, არესტოვიჩმა ძალიან გულახდილად ისაუბრა. არესტოვიჩმა ისაუბრა იმაზე, რაზეც საუბრობენ კიევის კულუარებსა და დერეფნებში. მან პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი ომს დაიწყებდა საქართველოში, რასაც მოქმედი ხელისუფლება არ გააკეთებს. ეს პირდაპირ თქვა არესტოვიჩმა და გაამხილა ის, თუ რისთვის ჩამოდიოდა საქართველოში სააკაშვილი. რატომ აწყობდა ის, რომ რუსული ტანკები შემოსულიყო საქართველოში, არ ვიცი. გაიხსენეთ, 2008 წელს რაში აწყობდა, რომ გორსა და სენაკში შემოსულიყო რუსული ტანკები. რაშიც მაშინ აწყობდა რუსული ტანკების შემოსვლა, ახლაც იგივეში აწყობს თბილისში რუსული ტანკების შემოსვლა, მაგრამ ბუნებრივია, სააკაშვილი ამას არ ეღირსება და უნდა იჯდეს ციხეში“, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშილუგანსკის ოლქის ერთ-ერთი ქალაქი განადგურებულია
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის, მადლენ ოლბრაიტის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრება