კობახიძე, რომელიც პარლამენტის სირცხვილი იყო, საკონსტიტუციო სასამართლოს კი არა, არ უნდა გააკარონ ქართულ პოლიტიკას – ბესელია

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ შესაძლო დანიშვნას, მისი ყოფილი თანაგუნდელი, ამჟამად კი ოპონენტი, ეკა ბესელია ეხმაურება. ბესელიას თქმით, კობახიძე პარლამენტის სირცხვილი იყო და ის არათუ საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ ქართულ პოლიტიკას საერთოდ აღარ უნდა გაეკაროს.

„ეს სურვილი კობახიძეს ჰქონდა, მაგრამ კობახიძე, რომელიც ამ პარლამენტის სირცხვილი იყო, ამ პარლამენტისთვის დამაზიანებელი იყო და „ქართული ოცნებისთვის, ეს რომ დროულად ვერ გაიგო „ქართულმა ოცნებამ“ და ივანიშვილმა და დროულად ვერ მიიღო ეს გადაწყვეტილებები და იმიტომ დადგა ეს შედეგები, საკონსტიტუციო სასამართლოში კი არა, ეს ადამიანი საერთოდ არ უნდა გააკარონ ქართულ პოლიტიკას. ეს იქნება კიდევ ერთი უგუნური გადაწყვეტილება და ჩვენ ამას წინ აღვუდგებით.“- განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი „გავრილოვის ღამის“ შემდეგ დატოვა. რამდენიმე დღის წინ საქართველოში მართლმადიდებლობის პარლამენტთა შორისი ასამბლეის სხდომა ჩატარდა და საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელი ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა და შეკრებილ საზოგადოებას რუსულად მიმართა. აღნიშნულ ფაქტს როგორც პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან ასევე პარლამენტს გარეთ საზოგადოებაში დიდი პროტესტი მოჰყვა. მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია 20 ივნისის ღამით სასტიკი მეთოდით დაშალეს. მეორე დღეს ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა.

banner
წინა სტატიაშიქართული საზოგადოების მორიგი შეურაცხყოფა – ოპოზიცია ირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში შესაძლო გადაყვანაზე საუბრობს
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის საკონსტიტუციო სასამართლოში დანიშვნა, ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ხალხი მოატყუა – ეკა გიგაური