საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე „ერეკლეობაზე“ სიტყვით გამოსვლისას იმ პირებს გამოეხმაურა, რომლებიც ერეკლე მეორის მიერ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებებს აკრიტიკებენ.
კობახიძის თქმით, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არსებული ძალები ხელოვნურად ცდილობენ ისტორიის დამახინჯებასა და მეფის უდიდესი დამსახურების დაკნინებას.
„ვინც იმპერიების გზაგასაყარზე მყოფ ქვეყანაში ყოველდღიური თავდასხმებისა და უმძიმესი დემოგრაფიული ვითარების ფონზე ერეკლე მეორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზერელედ, მიკერძოებულად და ისტორიული რეალობის უგულებელყოფით აფასებს, ხელოვნურად ცდილობს, დაამახინჯოს ჩვენი ისტორია… ის, რომ საქართველო დღეს არის თავისუფალი, სუვერენული, ევროპული ყაიდის ქრისტიანული სახელმწიფო, თავისთავად არის მკაფიო პასუხი ყველასთვის, ვინც ისტორიას სწორად ვერ აფასებს“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე ერეკლე მეორის ცხოვრება ფასდაუდებელი გაკვეთილია და დღევანდელი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტი მშვიდობის დაცვა, ქვეყნის გაძლიერება და ეროვნული ინტერესების მტკიცედ გატარებაა.















