კობახიძე – პრინციპულად აქვს წაგებული „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები

პრინციპულად აქვს წაგებული „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები და დარწმუნებული ვარ, ოცივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ ჩვენ, მშვიდად დაველოდოთ ხმების დათვლას, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ საზოგადოებას წარუდგინა კრწანისის რაიონში ელექტრონული ფორმით წარმოებული კენჭისყრის პირველადი მონაცემები.

„მინდა, გაგაცნოთ პირველადი მონაცემები, რომელიც არის უკვე ცნობილი ჩვენთვის. ეს არის ოქმის მონაცემები – როგორც მოგეხსენებათ, თბილისში კრწანისის რაიონში ელექტრონული ფორმით წარმოებდა კენჭისყრა და შესაბამისად, დაუყოვნებლივ ხდება შესაბამისი ინფორმაციის გაზიარება. მინდა, გაგაცნოთ პირველადი მონაცემები – კრწანისის რაიონში უკვე ხმების ნახევარი არის დათვლილი და მონაცემები არის შემდეგი – კახა კალაძე – 57,5 პროცენტი, ნიკანორ მელია – 42,5 პროცენტი.

ეს ყველაფერი ადასტურებს იმას, რომ კახა კალაძემ დამაჯერებლად გაიმარჯვა ძალიან დიდი უპირატესობით, რამდენიმე ათეული ათასი ხმით, თითქმის 100 ათასი ხმით აქვს მას მოგებული არჩევნები თბილისში. რა თქმა უნდა, გაგრძელდება ხმების დათვლა, მაგრამ ეს ყველაფერი არის უკვე ცხადი და ანალოგიურად, ოცივე მუნიციპალიტეტში ჩვენ გვაქვს დამაჯერებელი გამარჯვება, რისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ამომრჩეველს.

გვქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ორ კონკრეტულ მუნიციპალიტეტში ჩვენ ვიყავით მცირედით გადაცილებული 50%-იან მაჩვენებელს და დაფიქსირდა ასეთი მაჩვენებელი იგივე ბათუმში, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ ამ შემთხვევაში, გამომდინარე ეგზიტპოლის მაჩვენებლიდან, ეს ყველაფერი არ შეიცვლება და შესაბამისად, გამარჯვება დარჩება ჩვენს კანდიდატებს ოცივე მუნიციპალიტეტში. ეს არის ჩვენი მოლოდინი. რა თქმა უნდა, მშვიდად დაველოდოთ ხმების დათვლას. მთავარია, რომ პრინციპულად აქვს წაგებული „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნები, მოგებული გვაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ ოცივე მუნიციპალიტეტში ვიგებთ ამ არჩევნებს. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ უნდა დაველოდოთ კომისიის მიერ დათვლილ შედეგებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წინა სტატიაშიუნდა მივიდეთ საარჩევნო უბანზე და არ მივცეთ “ოცნებას” საშუალება, ზეწოლა მოახდინოს კომისიის წევრებზე – დავით კირკიტაძე
შემდეგი სტატიაკობახიძე – 100 000 ხმით რომ გაქვს თითქმის წაგებული, რა ხმების დაცვაზეა საუბარი, თუ არ ხარ პროვოკატორი