კობახიძე – პირველი ტყუილი „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა და ეს უკვე აღიარა ISFED-მა

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) ხელმძღვანელი „რევოლუციური სცენარის“ განვითარებას ნებსით უწყობდა ხელს თუ უნებლიეთ, ეს მე არ ვიცი და ამას ვერ დავაბრალებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ განაცხადა.

„მაგრამ ეს რომ იყო რევოლუციური სცენარის ხელშემწყობი ფაქტორი და მთავარი საყრდენი ეს ყველაფრიდან ჩანდა. როდესაც ოპოზიცია საუბრობდა არჩევნების სისტემურ გაყალბებაზე, მთავარი რასაც ეყრდნობოდა, ეს იყო PVT და ორი მაჩვენებელი და ორივე უკავშირდებოდა ISFED-ს. ეს იყო PVT-ს მაჩვენებელი და მეორე 8%-იანი უბნების მაჩვენებელი და ერთიც და მეორეც არის ტყუილი“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, პირველი ტყუილი „ქართულმა ოცნებამ“ დაამტკიცა და ეს უკვე აღიარა ISFED-მა. „ახლა ვითხოვთ „სამართლიანი არჩევნებისგან“ დამატებით ინფორმაციას, რომელიც დაადასტურებს იმასაც, რომ 8%-იანი პრობლემური უბნების მაჩვენებელი არის კიდევ ერთი ტყუილი. საბოლოო ჯამში ამ ორ ტყუილს დაეფუძნა რადიკალური ოპოზიცია, როდესაც ისინი აწყობდნენ თავის რევოლუციურ გეგმებს. შესაბამისად აქ უკვე მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც ასეთი უხეში შეცდომა დაიშვება, თუნდაც არ იყოს მანიპულაცია, როდესაც ასეთი მძიმე წვლილი შეგაქვს მოვლენების განვითარებაში და სწორედ ამან მისცა ხელოვნური კრიზისის შექმნის საშუალება ოპოზიციას, ასეთ დროს შენ უნდა იგრძნო პასუხისმგებლობა, თუმცა ორგანიზაციის ხელმძღვანელის პასუხები, არის არათავსებადი იმ მოცემულობასთან, რომელიც მას აქვს შექმნილი ამ პრობლემიდან გამომდინარე“, – აღნიშნა კობახიძემ.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ განმარტავს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნების პარალელური დათვლის შიდა აუდიტის შედეგებმა დაადასტურა PVT მეთოდოლოგის სიზუსტე და დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის სანდოობა, თუმცა, გამოვლინდა ხარვეზი საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების გამოსათვლელ ფორმულაში. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებულ ხმებთან ერთად, დაითვალეს ბათილი ბიულეტენებიც, რისი გასწორების შედეგადაც საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების პროცენტული რაოდენობა უმნიშვნელოდ შეიცვალა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელმა თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ თაღლითური სქემა გამოავლინა – დაკავებულია 3 პირი