კობახიძე: ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აირჩიონ, რადგან ერთ მხარეს არიან პათოლოგიური პოლიტიკოსები

მე საერთოდ არ ვუშვებ იმას, რომ ჩვენ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება, ეს გამორიცხულია, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“.

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ვუყურებთ მოვლენების განვითარებას, მათ შორის, საჯაროდ მიმდინარე პროცესებს და ეს უბრალოდ, გამორიცხულია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, სულ მალე გამოჩნდება, რეალურად ვინ არის „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენელი ნაწილი, რომელი პარტიები განეკუთვნებიან ამ ერთიან კლასტერს და ვინ არ არის „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერის შემადგენელი ნაწილი.

„ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა აირჩიონ, რადგან ერთ მხარეს არიან პათოლოგიური პოლიტიკოსები. ეს არ არის ეპითეტი. ეს არის შეფასება. ეს არის სამედიცინო შეფასება, ასეც შეიძლება, ითქვას. ნახეთ სააკაშვილის, გვარამიას, ბოკერიასა და უგულავას გამონათქვამები, ქცევა, საქციელი, წარსული ცხრა წლის მანძილზე და შემდეგ უკვე ოპოზიციაში. ისინი პათოლოგიური პოლიტიკოსები არიან და ვინც ასეთ პოლიტიკოსებს ვერ, ან არ გაემიჯნება, ბუნებრივია, ერთიანი კლასტერის შემადგენელია, ხოლო ვინც გამიჯვნას მოახერხებს, ბუნებრივია, მათი ადგილი არის ქართულ პოლიტიკაში და უნდა განაგრძონ საქმიანობა, რათა ქვეყნის განვითარებაში და ხალხის კეთილდღეობის უზრუნველყოფაში საკუთარი წვლილი შეიტანონ“, – განაცხადა კობახიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ შესაძლოა, პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკეული წევრებიც შევიდნენ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყველაფერი შესაძლებელია.

შეკითხვაზე, რა ვადებში მოხდება მთავრობის დაკომპლექტების პროცესის დასრულება და შეიძლება თუ არა, წინა მოწვევის პარლამენტის მსგავსად, მათი გუნდიდან რამდენიმე დეპუტატმა აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლოს, კობახიძემ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია მთავრობის შემადგენლობას უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

„მანამდე ბუნებრივია, ამასთან დაკავშირებით გუნდში კონსულტაციები გაიმართება. მინისტრობის კანდიდატების და შემადგენლობის დასახელება პრემიერის პრეროგატივაა და აქედან გამომდინარე, ამ ინფორმაციას პირველ რიგში, მისგან უნდა დაველოდოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე ოპოზიციას მოუწოდებს, შეუდგეს იმ ვალდებულების შესრულებას, რომელიც მას ამომრჩეველმა დააკისრა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი “ლელოს” ოფისში მიმდინარე შეხვედრის დეტალებს ამხელს