კობახიძე – ნათელია, 8%-იანი მაჩვენებელი არის სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8-პროცენტიანი მაჩვენებელი არის კიდევ ერთი სიყალბე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ სიყალბის გადაფარვა მათ მხოლოდ ახალი, მორიგი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას.

მისი შეფასებით, PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელიც არის სიყალბე, რაც ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ.

„კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საარჩევნო უბნების 8 პროცენტში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ. ჩვენ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოვუწოდეთ „სამართლიან არჩევნებს“ გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც, მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა. ამ მონაცემების გამოქვეყნებას ესაჭიროებოდა ზუსტად ერთი დღე, თუმცა, როგორც ხედავთ, ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია. ამას აქვს მარტივი მიზეზი – სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1 პროცენტი, ხოლო დაზუსტების შემდეგ გახდა დაახლოებით ნახევარი პროცენტი. შესაბამისად, „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოცხადებული 8-პროცენტიანი მაჩვენებელი არის კიდევ ერთი სიყალბე. ამ სიყალბის გადაფარვა მათ მხოლოდ ახალი, მორიგი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას. უკვე ნათელია, რომ PVT-ის ანალოგიურად, 8%-იანი მაჩვენებელიც არის სიყალბე, რაც სამწუხაროდ, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ. „სამართლიანი არჩევნები“ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წლების მანძილზე შეჰქონდა უმნიშვნელოვანესი წვლილი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული სისტემის განვითარებაში.

ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ორგანიზაცია ძალიან მალე აღიდგენს ცალკეული პირების მიერ შელახულ რეპუტაციას და კვლავაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დემოკრატიის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. ძალზე მნიშვნელოვანია, 2021 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამ ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ განახორციელოს პარალელური ხმის დათვლა, რაც გახდება საიმედო საზომი არჩევნების სამართლიანობის შეფასებისთვის“,-განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა – კომერციული გაზის ტარიფი არ შეიცვლება
შემდეგი სტატიანარმანია – საბოლოო სამომხმარებლო ტარიფის დასადგენად მნიშვნელოვანია, ჯერ ჰესებისა და თბოელექტროსადგურებისთვის გენერაციის ტარიფი განისაზღვროს